პარტია "ლელოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ მიიჩნევს და წარმატებას უსურვებს. სამადაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ "ლელო" მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისთანაც საერთო ხედვა ექნება.
"ვფიქრობ, რომ ნიკა მელია არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების მანძილზე ოპოზიციურ ველზე. ჩვენ გვახსოვს, რომ მან არაერთხელ ძალიან თავდადებით იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი და წარმატებებს ვუსურვებ მას. "ლელოს" პოზიცია არის ცნობილი - დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი პარტიული გაძლიერებ. ამავე დროს, "ლელო" მუდამ ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს "ლელოს" ხედვას,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე ნიკა მელიას მომავალ პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.
"ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია. სერიოზული მოთამაშე ჩნდება უკვე ოპოზიციურ ფლანგზე იმ კუთხით, რომ ის მომავალში გააძლიერებს მთავარი პოლიტიკური პოლიტიკური ცენტრის, მთავარი ოპოზიციური ძალის, ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი პოტენციალი, ვიდრე დღეს აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". მე წარმომედგინა საკუთარი თავი ამ დიდი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთ ნაწილად. რა მოხდება, ჯერჯერობით, არავინ იცის, არც მე და ხატიას გვქონია ერთმანეთთან საუბარი, არც ნიკასთან. ასე რომ, დავაკვირდებით პროცესებს,"- აცხადებს რომან გოცირიძე.
პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი კი ამბობს, რომ ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფილად არ აღიქვამს.
"ჩვენთვის "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" თანაბარი შანსი აქვთ, ერთმანეთზე უფრო მძიმედ დააზიანონ ეს ქვეყანა. ნიკა მელია იქამდეც და მერეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იქნება, რადგან იდეოლოგიური განსხვავება და რადიკალიზმის ხარისხი ნაკლები არ აქვს, არავისზე ნაკლები "ნაცი" არ არის, მოკლედ. ამიტომ, შუას უნდა ერთის დასრულებაც და მეორეს დასრულებაც,"- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ "ნაციონალურ მოძრაობა" დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, მხარდამჭერებთან ერთად, დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.