25 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტიისგან მოვისმინეთ ჩემს მიმართ ნასროლი რამდენიმე ცრუ ბრალდება, თუ ეს არ დადასტურდება, მათ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისა და ცრუ დასმენების გამო - თამაზ გაიაშვილი

Georgian Airways-ის საფრენოსნო დირექტორი, თამაზ გაიაშვილი პარტია "საქართველოსთვის" მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და "უსინდისო ცილისწამებად" აფასებს. 

როგორც გაიაშვილი აღნიშნავს, გიორგი გახარიას მსგავსი პოლიტიკოსები დიდი ხანია იქ არიან, სადაც ხალხმა მიუჩინა დამსახურებული ადგილი.

"დღეს, 7დეკემბერს, არის სამოქალაქო ავიაციის დღე, რაც მინდა ყველა ავიატორს მივულოცო და უღრუბლო ცა ვუსურვო.

დასანანია, რომ სწორედ ამ დღეს მიწევს პოლიტიკოსების უსინდისო ცილისწამებებზე პასუხის გაცემა. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ძალიან გახშირდა დაუსაბუთებელი ბრალდებებით აპელირება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელმოცარულნი დარჩნენ. ეს ზნეობის აშკარა დეფიციტზე მეტყველებს. მათი დღევანდელი განცხადება ქართულ ანდაზას მახსენებს: "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა".

დღეს გიორგი გახარიას პარტიისგან მოვისმინეთ ჩემს მიმართ ნასროლი რამდენიმე ცრუ ბრალდება:

რუსეთთან ფრენების აღდგენა. ეს საკითხი რამდენჯერმე განვმარტე, თანაც წერილობით. ორ სახელმწიფოს შორის საავიაციო მიმოსვლის საკითხი სცდება ავიაკომპანიის კომპეტენციას და წარმოადგენს სამთავრობო ხელშეკრულების საგანს. ავიაკომპანია მხოლოდ ოპერატორია, რომელიც ხალხს ემსახურება და ახორციელებს მგზავრთა გადაადგილებას ნებისმიერი მიმართულებით – მათ შორის რუსეთის.

რაც შეეხება სამთავრობო ჩარტერულ ფრენებს. ეს საკითხიც სცდება ავიაკომპანიის კომპეტენციას. ამას ამომწურავი პასუხი გასცა სამთავრობო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, ვის კომპეტენციაშიც იგი შედის. 

ავიაკომპანიისთვის ვალების ჩამოწერა.

ეს საკითხიც რამდენჯერმე განვმარტე წერილობით. ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" სახელმწიფოს ვალი არასოდეს არ ჰქონია. რაც შეეხება სხვა ვალებს, მათი ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობას არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება კრედიტორთა საბჭომ მიიღო და სასამართლომ დაადასტურა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ვალების ჩამოწერის საკითხი მთავრობის კომპეტენციაში არ შედის. გახარიამ ეს თუ არ იცის, მაშინ მისი კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დგება, ხოლო თუ იცის და მაინც ამას ამბობს, ასეთ შემთხვევაში იგი პროვოკატორი და ცილისმწამებელია, ვისაც საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში.

ბატონ გახარიას კომპეტენტურობა ჩემში ყოველთვის ეჭვს იწვევდა. მოვიტან ერთ სამწუხარო მაგალითს, რომელიც ავიაციის სფეროს შეეხება. გახარიამ, ჩემი ღრმა რწმენით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს ჩაიდინა სერიოზული დანაშაული. კერძოდ, გამოიჩინა გულგრილობა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ "პუმას" ტიპის სასაზღვრო ვერტმფრენს, რომლის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენდა, კანონის დარღვევით, საერთაშორისო დაზღვევის გარეშე მისცა ფრენების განხორციელების უფლება. ერთ-ერთი გაფრენის დროს ვერტმფრენი ყვარლის მთებში ჩამოვარდა და დაიმსხვრა. ვერტმფრენი ჩამოწერეს. სახელმწიფომ და ხალხმა უზარმაზარი ზარალი ნახა.
სათქმელი სხვაც ბევრია, მაგრამ ამჯერად ამ ერთი ფაქტით შემოვიფარგლები.

რაც შეეხება კორუფციას. მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურე სამოქალაქო ავიაციას და ხალხს. არც ბიზნესის დაწყებამდე და არც შემდეგ კორუფციასთან შეხება არ მქონია. აქედან გამომდინარე, მთავრობასა და პარლამენტს მივმართავ თხოვნით, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის. მე მზად ვარ მივცე ჩვენება და პასუხიც ვაგო ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ თუ გახარიასა და მისი პარტიის მიერ წამოყენებული ბრალდება არ დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში მათ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისა და ცრუ დასმენების გამო.

რაც შეეხება იმას, რომ პანდემიის დროს ავიაკომპანიამ გამდიდრება გადაწყვიტა, აბსოლუტურად უსინდისო ბრალდებაა, რომელიც მის იაფფასიან რეპლიკას წარმოადგენს. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ სამოქალაქო ავიაციას მიაყენა. უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილი ეროვნული ავიაკომპანიისთვის გახარიას მთავრობას არანაირი დახმარება არ გაუწევია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ მილიარდების დახმარება აღმოუჩინა საკუთარ ეროვნულ ავიაგადამზიდველებს. გახარიამ კი ქართულ ეროვნულ ავიაკომპანიას ომი გამოუცხადა და მისი განადგურება გადაწყვიტა, რაც არც მეტი, არც ნაკლები, მავნებლობა იყო.

კიდევ კარგი, რომ ბატონ გახარიას მსგავსი პოლიტიკოსები დიდი ხანია იქ არიან, სადაც ხალხმა მიუჩინა დამსახურებული ადგილი. ამ შემთხვევაშიც ქართულ ანდაზას მოვიშველიებ: "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი", - აღნიშნულია თამაზ გაიაშვილი განცხადებაში.

დღის ამბები