25 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ვანში პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი იძულების მუხლით დააკავეს - ვინ არის კობა ძაგნიძე და რას ჰყვებიან დაზარალებული არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრები

არასრულწლოვანი გოგოს მიმართ იძულება - დაკავებულია "ევროპული საქართველოს" წევრი, რომელმაც სკოლის მოსწავლეს მანქანა გაუჩერა, სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი აიძულა ავტომობილში ჩამჯდარიყო და მისთვის ტელეფონის ნომერი მიეცა.

16 წლის გოგო პოლიციაში თავად მივიდა და კობა ძაგნიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. "კურიერმა" გაარკვია, რომ პარტია "ევროპული საქართველოს" ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ არასრულწლოვანი ავტომობილში ჩაისვა, ტელეფონის ნომრის მიცემა აიძულა, შემდეგ კი 16 წლის გოგოს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა.

კობა ძაგნიძე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. მომხდარზე დუმს ოჯახი. შემთხვევის შესახებ არაფერი სმენიათ არც ძაგნიძის თანასოფლელებს, რომლებიც მხოლოდ იმას იხსენებენ, რომ "ევროპული საქართველოს" წევრი წარსულშიც ნასამართლევია.

კობა ძაგნიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ "ევროპული საქართველოს" ვანის რაიონულ ორგანიზაციაში. სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვეს პარტიის ცენტრალურ ოფისშიც, საღამოს კი წერილობითი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრალდება მძიმეა, პარტია დეტალებში ერკვევა და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს.

პარტია "ევროპული საქართველოს" ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლს ედავება, რაც იძულებას გულისხმობს. "კურიერმა" გაარკვია, რომ კობა ძაგნიძე 2014 წელს ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ის ამ პერიოდში "რესპუბლიკური" პარტიიდან ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მოგვიანებით კობა ძაგნიძე "ევროპულ საქართველოს" შეუერთდა და პარტიას 2017-დან 2022 წლამდე 33 782 ლარიც შესწირა. 2021 წლის 11 სექტემბერს კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზემო ვანში ის "ევროპული საქართველოდან" შეთანხმებულ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

დღის ამბები