25 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
უკრაინის არასწორ პოლიტიკურ სტრატეგიაზე ალექსეი გონჩარენკო ალაპარაკდა - რადას დეპუტატმა რუსეთის არმია სიძლიერით მსოფლიოში მეორე ძალად მოიხსენია

უკრაინას პრობლემები მხოლოდ ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე არ შეექმნა, მთავარი კიევისთვის ახლა ფრონტის ხაზზე არსებული იარაღის დეფიციტია. ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ კი, ამ თვეში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
ამ ფონზე უკრაინელი პოლიტიკოსები დასავლეთის შანტაჟზე გადავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი დეპუტატი გონჩარენკოა, რომელიც თავად ომში არცერთი დღე არ ყოფილა,
საქართველოსგან კი, მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. დღეს ეს დეპუტატი აცხადებს, რომ მოსკოვს მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია ჰყავს, კიევს - მესამე, და თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს ორი ქვეყნის გაერთიანებული ჯარი ლა მანშის სრუტემდეც კი ჩავა.

უკრაინელი დეპუტატი, რომლის ნათესავები ომის დროს კორუფციის გამო დაიჭირეს,
თავად კი რამდენიმე პარტია გამოიცვალა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა.

მმართველი გუნდი ალექსეი გონჩარენკოს იმ ვიდეომიმართვაზე საუბრობს, რომელიც პოლიტიკოსმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა. რადას დეპუტატმა რუსეთის არმია სიძლიერით მსოფლიოში მეორე ძალად მოიხსენია. თქვა, რომ საბრძოლო გამოცდილების ხარჯზე, უკრაინული ჯარი, ამ კუთხით, მესამე ადგილზეა. ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში კი, გაერთიანებული რუსულ-უკრაინული არმია დასავლეთისთვის დიდი საფრთხე იქნება. შესაბამისად, ამ სცენარის ასარიდებლად უკრაინელი კანონმდებელი ნატო-სა და ევროგაერთიანებისგან ომში მეტ დახმარებას მოითხოვს. "ქართული ოცნების" ლიდერების აზრით, პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდა, ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარებს, რომ ქვეყანას თვითლიკვიდაციისკენ მიზანმიმართულად უბიძგებდა.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამორჩეულმა უკრაინელმა დეპუტატმა, ვიდეო შეერთებული შტატებიდან გაავრცელა, სადაც კიევისთვის დახმარების ახალი პაკეტის მიღება ჭიანურდება. გონჩარენკოს თქმით, უკრაინამ ნატო-სთან მიმართებით რიტორიკა უნდა შეცვალოს, რადგან მას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯარი ჰყავს, რომელიც ატლანტიკურ ალიანსს დასავლეთის დასაცავად ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკოსის სიტყვებს არაერთგვაროვანი აღქმა მოყვა ქართულ ოპოზიციაში. ნაწილი გონჩარენკოს თეორიას ყველა შემთხვევაში გაუმართლებლად მიიჩნევს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ რადას დეპუტატის ლოგიკა უალტერნატივოა.

ოპონენტებს თანმიმდევრულობისკენ მოუწოდეს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. დეპუტატებმა ქართული ოპოზიციის მხრიდან ალექსეი გონჩარენკოსთან დაკავშირებით წარსულში გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენეს. თქვეს ისიც, რომ რადას დეპუტატი წარსულშიც არასერიოზული და მავნებლური ქმედებით იყო დაკავებული, რასაც დღევანდელი მისი საუბარი კიდევ ერთხელ ადასტურებს.

რუსეთმა, უკრაინაში არაპროვოცირებული ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო. სამხედრო დაპირისპირება 600 დღეზე მეტია მიმდინარეობს. კონფლიქტს 300 000-ზე მეტი უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანგრეული და განადგურებულია ქალაქები.

დღის ამბები