25 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
აჭარა, სამეგრელო, შიდა ქართლი და ახლა უკვე კახეთი - "ნაციონალური მოძრაობა" სიღნაღის, ახმეტის და წინანდლის ორგანიზაციების წევრებმაც დატოვეს

აჭარა, სამეგრელო, შიდა ქართლი და ახლა უკვე კახეთი - "ნაციონალური მოძრაობა" სიღნაღის, ახმეტის და წინანდლის ორგანიზაციების წევრებმაც დატოვეს. ამ შემთხვევაში პარტიას რაიონული ორგანიზაციის ოცი წევრი გამოეყო, მათგან სამი საკრებულოს დეპუტატია. მიზეზი იგივეა, პარტიიდან წასულები "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ არაფორმალურ გავლენებზე საუბრობენ და ლევან ხაბეიშვილს, გუნდის გახლეჩაში ადანაშაულებენ. კახეთამდე იყო კასპი, სადაც პარტია 26 წევრმა დატოვა. 

სიღნაღის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, ნონა ნინიაშვილი ამბობს, რომ პარტიის დღევანდელი მენეჯმენტის მიდგომები მათთვის მიუღებელია და პარტია ჩაკეტილ სისტემად არის ქცეული.

"მიუღებელია ჩვენთვის დღევანდელი მენეჯმენტის მიდგომები პარტიის ერთიანობასთან დაკავშირებით, იმ იდეებთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანი პარტია ემსახურებოდა. პარტია აქციეს ჩაკეტილ სისტემად. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით ფრაქციის იმიჯის დამზიანებლები, დღეს გვეუბნებიან, რომ ვართ პარტიის იმიჯის დამზიანებლები. პარტიის ყველა კარი დაგვიხურეს, არანაირი რესურსი არ დატოვეს იმისთვის, რომ ჩვენ პარტიაში დავრჩეთ," - აცხადებს ნონა ნინიაშვილი.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრი, ნინო უშიკიშვილი ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი პარტიის დატოვებაა.

"რაც ახალი მენეჯმენტი მოვიდა პარტიის სათავეში, ძალიან კრიზისულ სიტუაციაში შევიდა პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან იყო ძალიან ბევრი გზა შეთავაზებული ამ კრიზისიდან გამოსვლის. საპასუხო ნაბიჯის გადმოდგმის მაგივრად, მგლის ბილეთებს დავურიგებთო, ასე გამოგვიცხადეს. ამ სიტუაციაში, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი არის პარტიის დატოვება," - აცხადებს ნინო უშიკიშვილი.

  

 

 

დღის ამბები