25 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
მივიღეთ მყარი პირობა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის თემას.

კობახიძის თქმით, უნგრეთის პოზიციაა, რომ 14-15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.

"შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ანოშ ლატორცეის, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის თემას. აქაც მივიღეთ ძალიან მყარი პირობა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხრიდან ეს მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ 14-15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. უნგრეთის პოზიცია არის, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და უნგრეთი იქნება ძალიან მყარი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საკითხი, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებმა არავითარი გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს საკითხზე. მით უმეტეს, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პირდაპირ დაკავშირება ამ მიმართულებით არ არის სწორი," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები