"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთის პოზიციით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება უნდა იყოს და ამ პოზიციის ძალიან მყარი მხარდამჭერი იქნება.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, საქართველო უკრაინასა და მოლდოვასაც გულშემატკივრობს, მაგრამ საქართველოს საკითხი უმნიშვნელოვანესია.
"უნგრეთის პოზიცია არის, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და უნგრეთი იქნება ძალიან მყარი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საკითხი, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებმა არავითარი გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს საკითხზე. მით უმეტეს, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პირდაპირ დაკავშირება ამ მიმართულებით არ არის სწორი. შარშან, უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ გამხდარა იმის საფუძველი, რომ საქართველოსაც მინიჭებოდა სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ორივე ქვეყანასთან შედარებით ბევრად უფრო წინ იყო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ხელოვნურია საქართველოს საკითხის დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომელიც წარიმართება უკრაინის საკითხის გარშემო. რაც შეეხება ტრიოს საკითხის, ჩვენთვის ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხი. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხი", - განაცხადა კობახიძემ.