25 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
"ჰამასის" გვირაბები წყლით ივსება - ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიდის დროს, იარაღის უმსხვილესი საწყობი აღმოაჩინეს

"ცაჰალი" ტერორისტების გვირაბებს წყლით ავსებს - ამ სათაურით ვიდეოს ისრაელის რამდენიმე ტელეგრამ არხი აქვეყნებს. სოციალურ ქსელში ირწმუნებიან, რომ თავდაცვის ძალებმა აამუშავეს ზღვიდან წყლის სატუმბი დანადგარები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ დაამონტაჟეს. თუმცა, ამ შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება 138 მძევალს, რომელთაც ტერორისტები, დიდი ალბათობით, მიწისქვეშა სისტემაში მალავენ. "ჰამასის" გვირაბების ჩაძირვის გეგმაზე რამდენიმე დღის წინ წერდა გავლენიანი გამოცემა The Wall Street Journal-იც. ამ საკითხზე მედიასთან შეხვედრის დროს დღეს არ უსაუბრია ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურს.

სახმელეთო ოპერაციის მასშტაბები უკვე სამი დღეა ღაზას სექტორის სრულ ტერიტორიაზე გავრცელდა. "ცაჰალის" ინფორმაციით, ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის 800-მდე ობიექტი გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რეიდის დროს აღმოჩენილია "ჰამასის" იარაღის უმსხვილესი საწყობი - ათობით რაკეტა, ასობით ჭურვი, ცეცხლსასროლი იარაღი, ნაღმები და უპილოტო საფრენი აპარატები. კოლოსალური დანაკარგის მიუხედავად, "ჰამასი" მუქარის ტონს მაინც არ ცვლის.

ის, თუ როგორ ექცეოდა თავად "ჰამასი" მშვიდობიან მოქალაქეებს, ახლა ისრაელის პოლიცია იძიებს. სამართალდამცავი უწყება დაზარალებულების და თვითმხილველების უმძიმეს ჩვენებებს აქვეყნებს.

მშვიდობიანი მოსახლეობის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე მსოფლიოს დუმილს მიუღებლად მიიჩნევს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

კონფლიქტის დროული დასრულების ერთადერთ გზად ნეთანიაჰუ გამანადგურებელი ძალის გამოყენებას მიიჩნევს. ამის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნდა მოხდეს ღაზის დემილიტარიზაცია, რასაც კოორდინაციას ისრაელის თავდაცვის ძალები გაუწევენ. CNN ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საბრძოლო მოქმედებები, შესაძლოა, იანვრისთვის დასრულდეს.

დღის ამბები