შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მიღებული და არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.
სოფო გორგოძემ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე ხუთი წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.