25 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი და სიმბოლური ნაკრების წევრი - ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი აღიარება იტალიაში

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი, ბერგამოს ატლანტასთან, სეზონის საუკეთესოდ დასახელდა. იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გალა-დაჯილდოებაზე ქართველს პრიზი ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა - ფაბიო კუალიარელამ გადასცა. კვარაცხელია წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა.

2022/23 წლების სეზონის კლუბად ჩემპიონი "ნაპოლი" დასახელდა. ცერემონიალს გუნდის მაშინდელი მწვრთნელი და ახლა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტიც დაესწრო. სპალეტი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მისი და ხვიჩას თბილი შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

დაჯილდოებაზე მთავარი პრიზი ვიქტორ ოსიმენს ერგო. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ "ნაპოლის" ნიგერიელი ფორვარდი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია კი - საუკეთესო გოლთან ერთად სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის დაჯილდოება 1968 წლიდან ტარდება, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კი 1997 წლიდან სახელდება. ამ ჯილდოს პირველი მფლობელი რობერტო მანჩინი იყო. ყველაზე მეტჯერ ეს ჯილდო - ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს მოგებული.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

 
დღის ამბები