25 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
გაეროს კლიმატის ცვლილების მსოფლიო ლიდერთა სამიტზე, საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს - რიგით 28-ე კონფერენცია, დღეს ოფიციალურად გაიხსნა

გაეროს კლიმატის ცვლილების მსოფლიო ლიდერთა სამიტზე, საქართველოს, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს. რიგით 28-ე კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს მთავრობის მეთაურს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს უშუალოდ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დახვდნენ. მისალმების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა საერთო ფოტოსთვის გადაინაცვლეს. 200 მდე ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, მეფისა თუ მსოფლიო ლიდერის დუბაიში შეკრების მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილება და მასთან ბრძოლის გზებზე მსჯელობაა.

ირაკლი ღარიბაშვილი ყველა იმ ღონისძიების მონაწილეა, რომელიც კონფერენციის ფარგლებშია დაგეგმილი. მთავრობის მეთაური გაეროს მსოფლიო ლიდერთა შეკრებას ყოველწლიურად ესწრება. სამიტის მნიშვნელობაზე და კლიმატის ცვლილების გამოწვევის დაძლევაში საქართველოს როლზე პრემიერ მინისტრმა მოგვიანებით სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის კონფერენციაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილების მზარდ გავლენასთან ბრძოლას აუცილებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქართველო თავისი ვალდებულებების შესასრულებლად მზად არის.

მსოფლიო ლიდერთა სამიტზე დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გამოსვლის შინაარსში კი აქცენტი კლიმატთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე გაკეთდება.

სახელმწიფოს მეთაურებთან ერთად დუბაიში ევროკავშირის ლიდერებიც იმყოფებიან. სწორედ მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რეფორმების დღის წესრიგი და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაცია იყო ის მთავარი თემები, რომელიც მხარეებმა განიხილეს. პრემიერ მინისტრმა ევროპელ ლიდერს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია რეფორმებთან დაკავშირებულ ხედვებზე, სამოქმედო გეგმასა და მათი შესრულების ვადებზე. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს პროგრესი ევროკომისიამ დაადასტურა და ახლა ქვეყანა სტატუსის მინიჭებაზე დადებით გადაწყვეტილებას ელის.

პირისპირ შეხვედრას შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის გზაზე საქართველოს ერთგულება ძლიერია და თავის მხრივ მანაც დაუდასტურა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ევროკავშირიც ერთგულია საქართველოსი. მთავრობის მეთაური მიშელთან შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს და დეკემბერში პარტნიორების დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრა კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებულია. სტატუსის მინიჭება კი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლის შესაძლებლობა იქნება.

გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 28 კონფერენციის მონაწილეებს მსოფლიო ლიდერები 2 დღის განმავლობაში მიმართავენ. დღეს დელეგატებმა უკვე მოისმინეს, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის, გაერთიანებული სამეფოს მეფის, ევროკავშირისა და ევროკომისიის პრეზიდენტების, ასევე გაეროს გენერალური მდივნის გამოსვლები. ყველა მათგანი ყურადღებას ალტერნატიული რესურსების მობილიზებაზე ამახვილებდა, რამაც მათი განცხადებით, კლიმატის ცვლილების პრობლემებს უნდა უპასუხოს.

200 მდე ქვეყნის 70 000 დელეგატი-სწორედ ამ მასშტაბებზეა გათვლილი 2023 წლის გაეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული 28-ე კონფერენცია. დუბაი ექსპო მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები