ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ცესკო-ს ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან გამართა.
მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო.
ცესკო-ს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე შეხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობასთან ერთად შეხვედრებზე განიხილეს 2024 წლის არჩევნების ჭრილში, ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები.
"ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათთან წარმატებული ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ახლა, როდესაც არჩევნების მოდერნიზების გადამწყვეტ ეტაპზე ვიმყოფებით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერის გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას საარჩევნო პროცესში და ამ მხრივ ადმინისტრაცია იქნება ღია და გამჭვირვალე ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანს და საელჩოს წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ცესკო-ს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე შედიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური შეხვედრები 28-30 ნოემბერს გამართა.