26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
თუ საქართველო არ ივლის სწრაფად წინ ევროპული ინტეგრაციისკენ, რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა გახდება კიდევ უფრო საშიში - ანა ნაცვლიშვილი

მოსკოვს თბილისიდან პასუხობენ, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, კატეგორიულად მიუღებელია. "ლელოში" აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აგრძელებს და სწორედ ამიტომ, საქართველოს უსაფრთხოებისთვის დასავლური ვექტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"რუსეთი ორი საუკუნე ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და ისტორიის გადაწერის მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი 2008 წელს ან 90-იან წლებში დაიწყო, ეს არის რუსული პოლიტიკის ხელწერა. ის აგრძელებს ანექსიას საქართველოს ტერიტორიებისას, შესაბამისად, ამიტომ არის სწორედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის დასავლური ვექტორი. თუ საქართველო არ ივლის სწრაფად წინ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ცხადია, რომ რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა გახდება კიდევ უფრო საშიში და საფრთხის შემცველი საქართველოსთვის,"  - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისგან მედვედევის მიერ დაფიქსირებული პოზიციის საწინააღმდეგო განცხადებას არც ელიან.

"რა შეიძლება გააკეთოს ამასთან საწინააღმდეგო ხელისუფლებამ, ამას ნამდვილად არავინ არ ელის და ეს არის ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება თუნდაც პუტინის, მედვედევის და სხვა ამ კრიმინალი ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან აგრესორები და აზიანებენ მთლიანად ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებისგან ერთადერთი რამის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, ის მაამებლური განცხადებები, რომლებიც გაამყარებს იმ პოზიციას, რომელიც დააფიქსირა მედვედევმა და არა რამენაირად საქართველოს რეალურ პოზიციას დააფიქსირებს, რომელიც უნდა მიისწრაფოდეს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისკენ," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში ვითარების გამწვავებას გააგრძელებს.

დღის ამბები