26 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს "სოლიდარობის ფონდის", ასევე თურქეთის, ესპანეთის და ისრაელის წამყვანი კლინიკების წარმომადგენლებმა.

"ინტერესი ძალიან დიდია, განაცხადები და ზარები მუდმივად შემოდის. მინდა აღვნიშნო, რომ უკვე პირველი პაციენტი გავუშვით თურქეთში და დღეს უკვე ის კლინიკაში იმყოფება და სერვისის მიღებას იწყებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდება იქიდან," - აცხადებს "სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ფესტვენიძე.

განაცხადების შესვლა ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაწყებულია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოპაციენტ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ საზღვარგარეთ იმკურნალონ.

"ჩართული ვიყავით პროექტში „დავეხმაროთ ქართველ ბავშვებს დაავადებებისგან განკურნებაში“. დღეს-დღეობით ჩვენ ბავშვების 80%-ს ვეხმარებით გამოჯანმრთელებაში, თუმცა იმისთვის, რომ ეს შეძლო საჭიროა გქონდეს წვდომა ყველა საჭირო საშუალებასა თუ ტექნიკაზე. ეს არის საჭირო ხარისხიანი და საუკეთესო მკურნალობის გასაწევად. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ბავშვებს კიბოს დამარცხებაში," - აცხადებს ისრაელის კლინიკის პედიატრიული ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილების დირექტორი რონიტ ელჰასიდი.

 ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იგეგმება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის მოწყობა, რისთვისაც თანამშრომლობა მრავალწლიანი გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის მქონე საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარეობს.

"ყოველწლიურად 100-მდე ბავშვსა და მოზარდს აქვს ონკოლოგიური დიაგნოზი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა ონკოლოგიური მიმართულებით გაძლიერება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. 2022 წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფის მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა.

ბავშვებისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა მკაფიოდ აისახა სამთავრობო პოლიტიკასა და გრძელვადიან სტრატეგიაში, რაც გულისხმობს ქვეყნის ფარგლებში უმოკლეს ვადებში ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი. ამისთვის იგეგმება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის მოწყობა, რისთვისაც ვთანამშრომლობთ მრავალწლიანი გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის მქონე საერთაშორისო პარტნიორებთან.

დაწყებულია აქტიური მუშაობა გამოცდილი ექსპერტების რეკომენდაციით. უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოს ბაზაზე მულტიპროფილური კლინიკის შესაქმნელად. უმნიშვნელოვანესია, რომ ვიდრე ამ უდიდეს პროექტს განვახორციელებთ, არც ერთი პაციენტი არ დარჩეს ხარისხიანი ჯანდაცვის გარეშე. ყველა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი შეძლებს უცხოეთში მკურნალობას. ეს ყველაფერი კი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა უცხოელი პარტნიორების დიდი თანადგომა," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები