26 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
თუ რაიმე კითხვები არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უნდა იყოს განხილული და არა საქართველოსთან - კახა კალაძე

ვფიქრობ, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა. ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მმართველი გუნდის წევრები აფასებენ - თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს სანქციების გვერდის ავლის საკითხს და აღნიშნავს, რომ საკითხი სხვა ქვეყნებთან უნდა განიხილონ და არა საქართველოსთან.

"რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას და სხვა ქვეყნების გამოყენებას, უნდა ეძებონ სხვა ქვეყნები და არა საქართველო. საქართველოში ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე ხდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან, დასამალი არაფერი არ არის. ყველაფერი აბსოლუტურად ღიად არის და თუ კი რაიმე კითხვები არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უნდა იყოს განხილული და არა საქართველოსთან," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი კი ამბობს, რომ ჯიმ ო"ბრაიენის მიერ გაკეთებული განცხადებებზე "ტრაგედია" მედიასაშუალებებმა შექმნეს.

"თქვა, რომ არავითარი შესაძლებლობა და რესურსი არ არსებობს, რომ რუსეთმა საქართველოს მეშვეობით აუაროს სანქციების გვერდი და თქვა, რომ მომავალშიც უნდა დააკვირდნენ პროცესებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფრენები აღდგა, რომ ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არსებული რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, თანამშრომლობის ის პერიმეტრები, რომელიც ქვეყანას გააჩნია აბსოლუტურად მისაღებია და მაღალი დონის სტანდარტს შეესაბამება - ეს თქვა ო’ბრაეანმა სენატში. ამხელა ტრაგედია ამ განცხადებების გამო შეიქმნა მედიასაშუალებებში და აღარ იციან როგორ მიხედონ ამ საკითხს და როგორ ჩამოაცვან ან გადააფარონ რაღაც ფარდა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები