26 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
ურთიერთბრალდებები "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება - ხაბეიშვილი მელიას ბოლოდროინდელ განცხადებებს დეპრესიულს უწოდებს

ურთიერთბრალდებები "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას ბოლოდროინდელ განცხადებებს დეპრესიულს უწოდებს და მას "ქართული ოცნების" რიტორიკას ადარებს.

"ვწუხვარ კონკრეტულად ამ ადამიანის ჯუჯღუნის და დეპრესიული დამოკიდებულების გამო. მე არ მესმის როგორ შეიძლება ასე მოექცე ყოფილ თანაგუნდელებსა და ყოფილ თანამებრძოლებს, რადგან არ მგონია, რომ თანამებრძოლად აღიქვამდე ადამიანს და ამდენ ტალახს და სიბინძურეს ესროდე. ჩრდილოვან მმართველობაზე რომ ვსაუბრობთ, ეგ კითხვა რომ დამისვით, რომ არ გეთქვათ, ვინ საუბრობდა, ვიფიქრებდი, რომ კობახიძემ, ზარქუამ ან პოსტივიმ ისაუბრეს," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თავის მხრივ, პარტიაში არსებულ ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს მელიას ფლანგი. ბაჩო დოლიძე განმარტავს, რომ ამ კუთხით "ქართული ოცნების" კრიტიკისას, საკუთარ პარტიაში იგივე მდგომარეობა არ უნდა იყოს.

"აქ მიდგომებზეა საუბარი, თორემ პრობლემა კი არ მაქვს ლევანთან ზოგადად საუბრის. აქ უნდა შევთანხმდეთ, რომ ან გვაწყობს არაფორმალური მმართველობა, ვიღაცისთვის მისაღებია, იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტულ დივიდენდს ხედავს - დღეს თავმჯდომარეა ვიღაცა, დღეს რაღაც სამდივნოს წევრია ამ მოცემულობის წყალობით, ხომ? მე არ ვიცი, რა უნდა შემომთავაზონ, რომ დავთანხმდე, თვალი დავხუჭო. თუკი ჩვენ "ქართულ ოცნებასთან" გვაქვს პრეტენზია სწორედ ამაზე, ანალოგიური არ უნდა დავუშვათ საკუთარ წიაღში,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში" ყოფილი თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინ გასულმა სატელევიზიო ინტერვიუმ და ფეისბუქ პოსტებმა კიდევ უფრო გაამწვავა. ნიკა მელიამ მერაბიშვილ-კეზერაშვილის გარდა ბრალდებები, ამჯერად, ზაზა გოროზიასაც წაუყენა. მელია ამომრჩევლის შეურაცხყოფად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვაშაძის განხილვას.

დღის ამბები