ონკოპაციენტი ბავშვებისთვის მთავრობის პროგრამა უკვე დაიწყო - საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განაცხადების შეტანა ჯანდაცვის სამინისტროში დღეიდან არის შესაძლებელი.
ამ პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის "ანადოლუს სამედიცინო ცენტრი," ესპანეთის "ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი" და ისრაელის "იხილოვის სამედიცინო ცენტრი." პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკას და სტანდარტულ მკურნალობის კურსს. მკურნალობა სრულად დაფინანსდება მთავრობის მხრიდან.
როგორც "კურიერთან" საუბრისას სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, განაცხადების მიღება ჯანდაცვის სამინისტროში ხდება.
"დღეს უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. განაცხადების მიღება ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებ სივრცეში. ძალიან გამარტივებული არის განაცხადის მიღების პროცედურები. განაცხადების განხილვას შემოსვლისთანავე დაიწყებს სოლიდარობის ფონდი და პირველადი გადარჩევის შემდეგ გაუგზავნის შესაბამისს სამედიცინო დაწესებულებას და პარტნიორ კლინიკებს, იმისთვის, რომ მათ ნიადაგი, სწორად განსაზღვრონ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები და დაიწონ სამზადისი პაციენტის მისაღებად," - განაცხადა სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა, ეკა ფესტვენიძემ "კურიერთან" საუბრისას.
ამასთან, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა: შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს); ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული); არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05.