26 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
ვაშაძე "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველზე პარაზიტირებდა, პარტია, რომელიც "ნაცების" ელექტორატზე ზის, "ნაცებთან" უნდა გაერთიანდეს - რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას

"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციაში შეფასებები უკვე მოჰყვა.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, გიორგი ვაშაძისთვის აღნიშნული გაერთიანება მომგებიანია, რადგან ის ენმ-ის ელექტორატზე "ზის."

"ვაშაძე ზოგადად "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველზე პარაზიტირებდა და მისი რეიტინგი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბარიერის გადალახვის იმედი ჰქონდეს, ამიტომ სრულიად სამართლიანი გაცვლა აქვს, მეორე ადგილი "ნაცების" სიაში და ის რამდენიმე პროცენტი, რომელიც შეიძლება დაემატოს "ნაცმოძრაობას" და მინიმუმ არ დააკლდეს ვაშაძის აქტივობის შედეგად. ის პარტია, რომელიც "ნაცების" ელექტორატზე ზის პირდაპირ თუ ირიბად, ასე თუ ისე "ნაცებთან" უნდა გაერთიანდეს, რომ გასაგები იქნება თამაში - ვინ რას წარმოადგენს. მაგრამ "ფსევდო ნაცები" და "ნამდვილი ნაცები" თუ დაგვრჩა, კიდევ უფრო აირევა სიტუაცია," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს, პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, გაერთიანება ნიშნავს საერთო სიის ფორმირებას, თავად კი არანაირი საერთო სიის ფორმირებას არ აპირებენ.

"ლელოში" კი ამბობენ, რომ აუცილებელია შეიქმნას ალტერნატიული ცენტრი, სადაც მმართველი გუნდი და ენმ არ იქნება.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგი აღმაშენებელს" შორის როლების გადანაწილება ჩვენი საქმე არ არის, გადანაწილდნენ ერთმანეთში, არკვიონ, თუმცა ცხადია, რომ ეს არის დამარცხების ფორმულა იმიტომ რომ ეს არის პოლარიზების კიდევ უფრო გაღრმავება. ხელისუფლების შეცვლის ფორმულა არის ის რომ შეიქმნას ალტერნატიული ცენტრი, ალტერნატიული ცენტრი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პოლიტიკურ ბრძოლას დღეიდან გაერთიანებული შემადგებლობით გააგრძელებენ.

დღის ამბები