26 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის 5 მცირეწლოვანია - ომის 512-ე დღე უკრაინაში

აგრესორი უკვე მესამე დღეა ოდესას ინტენსიურად უტევს. ფრთოსანი რაკეტების და დრონების კომბინირებული შეტევის შედეგად საპორტო ქალაქში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ჩინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა. დაიწვა მსხვილი სავაჭრო ობიექტი. 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელებულ ცეცხლს მეხანძრეები დილამდე აქრობდნენ. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლი არ არის - დაშავდა 8 ადამიანი.

"მთელი დღის განმავლობაში მაქსიმალური ყურადღება დაეთმო რუსი ტერორისტების თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას ოდესაზე, ჩვენს პორტებზე. ეს იყო ალბათ რუსეთის ყველაზე დიდი მცდელობა სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში ოდესისთვის ზიანი მიეყენებინა, ყოველი ასეთი დარტყმის დროს ჩვენ ისევ და ისევ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს: უკრაინის ცა უნდა გაძლიერდეს. ეს თავდასხმა ადასტურებს, რომ მათი სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა და არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

3 დაიღუპა, 18 მშვიდობიანი კი დაშავდა მიკოლაევის დაბომბვის შედეგად, მათგან 5 მცირეწლოვანია. ნანგრევებში მაშველები კიდევ 5 ადამიანს ეძებენ. საოკუპაციო ძალამ მიზანში მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღო. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 6 საცხოვრებელ სახლს. დაიწვა რამდენიმე ავტოფარეხი და აგრარული ბაზრის ტერიტორია.

"იქს-22", რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ - ზებგერითი რაკეტაა. მისი სიჩქარე საათში 4000 კილომეტრია. ის მიზანს ბალისტიკური ტრაექტორიით უტევს. რაც შეეხება "ონიქსს"- ეს რაკეტა მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს, მაგრამ სამიზნესთან მიახლოების წინ 10-15 მეტრის სიმაღლე უჭირავს, რის გამოც მისი აღმოჩენა, არათუ განადგურება ფაქტობრივად შეუძლებელია. მიკოლაევის და ოდესის დასაცავად, ჩვენ გვჭირდება "პეტრიოტის" და "სემპ ტის" საჰაერო თავდაცვის სისტემა" - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატიმ.

ღამის შეტევისას საოკუპაციო ძალამ 30 საკრუიზო რაკეტა და 32 დრონი გამოიყენა. აგრესორის ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა სუმის სკოლამდელ რეაბილიტაციის ცენტრთან შეჯახების შედეგად. დაშავდა რამდენიმე ბავშვი. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ნაკლებად წარმატებული იყო რუსული არმიის თავდაცვა ფრონტის ხაზზე. უკრაინის გენშტაბი ოკუპანტის კოლოსალურ დანაკარგზე საუბრობს.

"ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 530 რუსი ოკუპანტი. მტერმა დაკარგა 6 ტანკი, 6 ჯავშანტექნიკა, 19 საარტილერიო სისტემა, 3 საზენიტო იარაღი, 29 სატრანსპორტო საშუალება და 2 ერთეული სპეცტექნიკა", - განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერმა, ოლექსანდრ სტუპუნიმ.

ამ მონაცემების მიუხედავად, არც უკრაინის პრეზიდენტი და არც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ კონტრიერიშის ტემპი საკმაოდ დაბალია. "რამშტაინის" მე-14 შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამაზე ყურადღება ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმაც გაამახვილა. გენერალ მარკ მილის განცხადებით, კიევის შეტევა დაგეგმილზე ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მიმდინარეობს. გენერალი ამბობს, რომ შეტევა იქნება ნელი, რთული და დაჯდება ძვირი.

ვაშინგტონი უკრაინისთვის დამატებით მილიარდ 300 მილიონ დოლარს გამოყოფს. შეერთებული შტატების დახმარების ახალი პაკეტი დრონების საწინააღმდეგო სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების და საბრძოლო მასალის გადაცემას ითვალისწინებს.

დღის ამბები