26 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები გრძელდება Credit Suisse-თან დაკავშირებული იურიდიული პირების უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად აქტივებთან დაკავშირებით

კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები გრძელდება Credit Suisse-თან დაკავშირებული იურიდიული პირების უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად აქტივებთან დაკავშირებით - ამის შესახებ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის განცხადებაში, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით, მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობაზე.

ლაშა კალანდაძის განცხადებით, შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer უნდა უზრუნველყოს მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემა. ბაკმა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი შეექმნა დაბრკოლება

მისივე თქმით, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებულია ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი - დასავლეთ ევროპის ფონდებში.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სამართლებრივი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და აღდგება სრულ აქტივებზე წვდომა.

ლაშა კალანდაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"დაინტერესებულ პირებს/საზოგადოებას დავპირდით ინფორმაციით უზრუნველყოფას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაგაცნობთ მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას.

ბერმუდაში მიმდინარე სამოქალაქო საქმე

ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის (მოსარჩელეები) სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.

სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა

სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

უკანონო/დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი აქტივები

სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო საქმეებთან მიმართებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქმის განხილვის ვადებს, პრეტენზიები არ არსებობს. წარმატებებიც ყველა იურისდიქციაში მოცემული მომენტისთვის სახეზე არის.

კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები/პრობლემები შეიქმნა, გრძელდება კიდეც სასამართლოს მიღმა არსებულ საკითხებთან, კერძოდ, Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/ უკანონო და, როგორც არაერთხელ ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან/აქტივებთან დაკავშირებით.

დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

Credit Suisse-ის ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შექმნა დაბრკოლებები აქტივების წვდომის მიმართულებით. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ტრასტმა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

ერთადერთი გამოსავალი არსებული მდომარეობიდან იყო ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა საკითხის ხელოვნურად გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა.

Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე (2023 წლის 24 მარტი) დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც საქმის განხილვა.

უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-ის ტრასტმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მხოლოდ ორ თვე ნახევრის (დაახლოებით) შემდეგ, 2023 წლის 14 ივნისს, მიიღო რეზოლუცია ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების შესახებ.

აღნიშნულის საფუძველზე შვეიცარიულმა ბანკმა (Julius Baer) უნდა უზრუნველყოს აქტივების მოსარჩელეებისთვის გადაცემა/განაწილება. Julius Baer-მა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი შეექმნა დაბრკოლება. კერძოდ, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი - დასავლეთ ევროპის ფონდებში.

Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად რამდენიმე წუთში არის საკითხის დარეგულირება შესაძლებელი (მხოლოდ ტექნიკური მოქმედებები არის ფონდების მხრიდან განსახორციელებელი), თითქმის ერთი თვე არის, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდებში აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას; იმ აქტივების გადაცემას, რომელზეც ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, რეზოლუციის სახით.

აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტიდან ანუ, როგორც Credit Suisse-ის ტრასტი აღნიშნავდა, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს ფაქტიურად შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა.

და ბოლოს, გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები