26 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთის "პირველი მსხვერპლი" საქართველო იყო და ჩვენ დასავლეთი გავაფრთხილეთ ამ შეჭრის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის წევრებს ისტორიული ვიზიტის ფარგლებში შეხვდა - "ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი პარლამენტარი ურუგვაის სტუმრობს" - ამის შესახებ ადგილობრივი პრესა წერს.

"რაც შეეხება რუსეთის უკრაინაში შეჭრას, იგი ირწმუნება, რომ მის ქვეყანაში ამით დიდად "არაფერი შეცვლილა“: რომ ისინი რუსეთის „პირველი მსხვერპლნი“ იყვნენ და დასავლეთი მომდევნო შეჭრის შესახებ დიდი ხნის წინ გააფრთხილეს. მისი თქმით, საქართველო მზადაა, ნატოში გაწევრიანდეს, მაგრამ აღიარებს: ეს მოკლე ხანში არ მოხდება. ამტკიცებს იმასაც, რომ საქართველოში ახალი თაობები საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლდნენ“, - ნათქვამია ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალების სტატიაში.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა არის ნიკოლოზ სამხარაძის ვიზიტის მიზანი, რაზეც სამხარაძემ ასე უპასუხა:

"მთავარი მიზანი საქართველოსა და ურუგვაის შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის ჩათვლით. წლების განმავლობაში, შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვქონდა, მაგრამ ვფიქრობთ რომ გაუმჯობესება შეიძლება, არსებობს პოტენციალი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისა, განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთგაცვლებისა. ამ კუთხით, ვმუშაობთ პროექტებზე. ეს ისტორიული ვიზიტიცაა, რადგან ესაა საქართველოს პარლამენტის წევრის პირველი ვიზიტი ურუგვაიში“, - განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე რა არის წინსვლა მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო საქართველოს ეწვია და ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის შესახებ, სამხარაძემ ამბობს, რომ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი განიხილეს და საქართველოს მხრიდან მზადყოფნა არსებობს.

"იმ ვიზიტისას ამაზე ვისაუბრეთ. დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, დაგვეწყო მოლაპარაკებები პრეფერენციული თუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილ რესპუბლიკასთან. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ისრაელთან, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან. ურუგვაის რაც შეეხება, არის ამის ნება, ასე გაგვიმჟღავნეს. მოხარულები ვიქნებით, ამაზე მუშაობით. მესმის, რომ არის მერკოსურის საკითხიც და მასთან უნდა შეთანხმდეს თუმცა, საქართველოს მხრიდან მზადყოფნა არსებობს“, - აცხადებს სამხარაძე.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რა შეიცვალა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში.

"გულწრფელები რომ ვიყოთ, ჩვენთვის არაფერი. ჩვენ ვიყავით რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლნი და ბოლო 30 წლის განმავლობაში, რუსეთთან სამი ომი გვქონდა, მისი პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით. ჩვენ ვეუბნებოდით პარტნიორებს დასავლეთში, განსაკუთრებით ევროკავშირსა და აშშ-ში რომ რუსეთი არ გაჩერდებოდა, საქართველო არ იქნებოდა ბოლო ქვეყანა, რომელსაც იგი თავს დაესხმებოდა. სამწუხაროდ, მართალნი ვიყავით. რუსეთმა ისევ განახორციელა აგრესია, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგკვირვებია. რუსეთმა უკრაინაში ზუსტად იგივე სცენარით იხელმძღვანელა, რითაც საქართველოში. ჩვენთვის დრამატული ცვლილება სტატუს-კვოს თვალსაზრისით არ ყოფილა, შესაძლოა, ერთი გამონაკლისი იყოს: საქართველოს პარტნიორებს დასავლეთში, ევროკავშირში და ნატოში უკეთ ესმით ჩვენი წუხილი და ახლა ესმით, რომ საქართველოში უსაფრთხოების გარეშე, არ არის უსაფრთხოება შავ ზღვაზე, და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარეშე, არაა უსაფრთხოება ევროპაში.

დასავლეთში სჯეროდათ, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გამო, რუსეთი ორჯერ დაფიქრდებოდა, ვიდრე მეზობელზე თავდასხმას გადაწყვეტდა, მაგრამ ეს, ერთის მხრივ ალბათ უფრო მათი სურვილი იყო, მეორეს მხრივ, კი ეს იყო ერთგვარი მიამიტობა დასავლეთის მხრიდან. თუ გადახედავთ რუსეთის ისტორიას საუკუნეების განმავლობაში, ნახავთ რომ არც ისეთი იოლია, რუსები შეაკავო მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით.

საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დაუჭირა მხარი. ჩვენ ხმა მივეცით რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან. საქართველოში მივიღეთ 30 000-ზე მეტი უკრაინელი, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო ჯანდაცვით, საცხოვრებლითა და ტრანსპორტით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სკოლები უკრაინულ ენაზე გაიხსნა. პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაქსიმალურად დავუჭირეთ მხარი უკრაინას და მხარს ვუჭერთ მის ბრძოლას სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან გამოცემასთან, ასევე, ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.

„გვესმის, რომ ომის დასრულებამდე ნატოში გაწევრიანება არ მოხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, ვილნიუსის სამიტზე რაიმე წინსვლას არ ველოდით. არ ვიტყოდი, რომ სამიტის შემდეგ უფრო შორს ვართ-მეთქი, მაგრამ არც უფრო ახლოს ვართ. ასეც კი, ხაზგასმით უნდა ითქვას, ნატოში ინტეგრაციის კუთხით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გვაქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის. ჩვენი შეიარაღებული ძალების 85%-ზე მეტი მსახურობდა ნატოს სხვადასხვა მისიებში ავღანეთში, ერაყში თუ სხვაგან. საქართველოს ნატოსთან თავსებადობა ეჭვგარეშეა. ველოდებით ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. უკან თუ მივიხედავთ, საქართველო და უკრაინა ადრე რომ მიეღოთ ნატოში, ამ ორი ქვეყნიდან არცერთში ომი არ იქნებოდა. მაგრამ ახლა, კონფლიქტების გამო, პრაქტიკულად არ ვართ წევრები. ჩვენ ორლესულ ხმალზე ვართ: ერთი მხრივ, გვინდა წევრობა, მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს ამისათვის ხელის შეშლას“, - აცხადებს სამხარაძე.

კითხვაზე - ეშინიათ საქართველოში ომის, თუ ალიანსს შეუერთდებით - სამხარაძე ასე პასუხობს:

„ისედაც ომში ვართ, ერთგვარ გაყინულ ომში. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არის ჟენევის მოლაპარაკებები, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს. უკრაინა ომის „ცხელ ფაზას“ გადის, მაგრამ რუსეთთან, ორივენი კონფლიქტში ვართ. ისევ შემოიჭრებიან თუ არა ისინი, საქართველოში? არის ამის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ ნატოს გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს, არ გვაქვს ალტერნატივა. დღევანდელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შეუძლებელია ნეიტრალური იყო: უნდა ეკუთვნოდე ამა თუ იმ ალიანსს. ჩვენთვის, ნატო მკაფიო არჩევანია, რადგან ჩვენი ხალხის 85%-ს, სურს იყოს ალიანსისა და ევროკავშირის წევრი.

ახალ თაობას, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში - ადამიანებს, რომლებიც შეიძლება საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ, ეს საბჭოთა ტვირთი არ გააჩნიათ. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, საქართველო ყველაზე ნაკლებად იყო საბჭოთა ქვეყანა. მე თავად ვარ ოჯახიდან, რომელიც რეპრესირებულ იქნა (იოსებ) სტალინის რეჟიმის მიერ. დიდი ბაბუა 1937 წელს დახვრიტეს, ბებია გააციმბირეს, მაგრამ ეს არაა მხოლოდ ჩემი ოჯახის ისტორია; ქართველთა უმრავლესობას ასეთი გამოცდილება ჰქონდა ბოლშევიკებთან და კომუნისტებთან. ჩვენ არასდროს გვინდოდა საბჭოთა კავშირის ნაწილი ვყოფილიყავით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ცხადია, როცა სსრკ-ში 70 წელი ცხოვრობ, გარკვეული კვალი რჩება, მაგრამ ვფიქრობ რომ მეტწილად ამ მემკვიდრეობისგან ბოლო 30 წლის განმავლობაში გავთავისუფლდით. ჩვენი შვილების თაობას, მასთან საერთო აღარაფერი აქვს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები