თბილისის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით შეირჩა კონსულტანტი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაში დაეხმარება.
"მეტროსადგურების რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება "სადგურის მოედნის" მესამე ამოსასვლელის სამი ესკალატორი. განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას. შეიცვლება ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები. განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა. გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელების ფიზიკური ხელმისაწვდომობა. მათ შორის, რამდენიმე მეტროსადგურზე დამონტაჟდება სპეციალური, დახრილი ლიფტები. "სადგურის მოედნის" კვანძზე დამონტაჟდება ორი ლიფტი, პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად,"-განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, მეტროს მუშაობა არსებითად გაუმჯობესდება, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
"რეაბილიტირდება ცენტრალური სადრენაჟე სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები, უწყვეტი კვების წყარო (UPS) სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის, ასევე, ავტომატური მართვის პუნქტებისთვის. რეაბილიტირდება სადგურების გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში, 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა-ნაგებობები. გადაიარაღდება მეტროს სასწავლო ცენტრი. განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები,"-აღნიშნა კახა კალაძემ.