26 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
მორიგი ხმაურიანი სხდომის მოლოდინში - კანონმდებლები "თავდაცვის კოდექსთან" დაკავშირებით რიგგარეშე სესიაზე იკრიბებიან

მორიგი ხმაურიანი სხდომის მოლოდინში - კანონმდებლები დილის 11 საათიდან რიგგარეშე სესიაზე იკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა "თავდაცვის კოდექსია". საკითხზე მეორე მოსმენით მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა.

კანონპროექტის მთავარი მოწინააღმდეგე "გირჩია", რომელიც დოკუმენტს დისკრიმინაციულად მიიჩნევს.

შენიშვნები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. მათი განმარტებით, თემის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რაც შექმნილ ვითარებაში მიუღებელია. ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ აუცილებელი იყო საკითხის მუხლობრივი განხილვა, რაც არ მომხდარა.

"ის ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას პრეზიდენტის კომპეტენციის ნაწილში, ის უპირისპირდება ჯარისკაცის უფლებებს, ის უპირისპირდება მათ შორის ნატოში დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, მიუღებელია პრინციპულად ამ სამი საკითხის გამო ამ კოდექსის მხარდაჭერა,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია.

კანონპროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ კოდექსის მიღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების სფეროში.

"პარლამენტი აგრძელებს თავდაცვის კოდექსის პაკეტის განხილვას მეორე მოსმენით. კოდექსის მიღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების სფეროში. ჩვენი ამოცანა არის რომ კოდექსი იყოს მიღებული და ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს გამართული და ჯანსაღი საკანონმდებლო ბაზა თავდაცვის სფეროში, რომელიც იქნება ნატოსთან თავსებადი და სრულად უპასუხებს საქართველოს თავდაცვის საჭიროებებს,“ - აცხადებს ირაკლი ბერაია.

დღის ამბები