"თბილისი პრაიდი" ხვალ დაგეგმილ ფესტივალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში".
როგორც პრაიდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქუჩის მსვლელობა დაგეგმილი არ არის და ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება.
"ხვალ პრაიდის ფესტივალი გაიმართება - დახურული ღონისძიება, რომელსაც უკვე მესამე წელია ვატარებთ.
რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში, პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. “გეი აღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.
ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული. მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი", - აღნიშნულია განცხადებაში.