26 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
CIA-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებული ღრმა ეკონომიკური კავშირების გამო, ორი ქვეყნის დაშორება სულელური იქნება

ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ეკონომიკური კავშირების გამო, ორი ქვეყნის დაშორება სულელური იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-მა მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის პროცესი უნდა განაგრძოს.

“ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საერთაშორისო წესრიგის შეცვლა სურს და თან, ამის ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს”, - განაცხადა უილიამ ბერნსმა საჯარო ლექციის დროს, რომელიც ინგლისის ქალაქ ოქსფორდშაირში ჩატარდა.

“დღეს, ერთი სახელმწიფოს კარტელში მოხვედრა და მინერალებისა და ტექნოლოგიების კუთხით ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება არავის სურს. გამოსავალი ჩინეთის მსგავსი ეკონომიკისგან დაშორებაში კი არ მდგომარეობს, რაც სულელური იქნება, არამედ რისკის შემცირებასა და დივერსიფიკაციაში, რაც გამძლე მიწოდების ჯაჭვების შექმნით, ჩვენი ტექნოლოგიური უპირატესობების დაცვითა და ინდუსტრიულ კომპლექსში ინვესტიციების გაზრდითაა შესაძლებელი”. - განაცხადა ბერნსმა

ცნობისთვის: უილიამ ბერნსი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს (CIA) 2021 წლიდან ხელმძღვანელობს, მაგრამ წლების განმავლობაში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას კაბინეტის წევრიც იყო, სადაც 2011-2014 წლებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი, 2005-2008 წლებში, უილიამ ბერნსი აშშ-ის ელჩად რუსეთში მუშაობდა, 2008-2011 წლებში კი, ამავე თანამდებობას იორდანიაში იკავებდა.

დღის ამბები