26 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
რუსეთი დამარცხდება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მისი მეზობელი შეძლებს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილების განხორციელებას - მაკა ბოჭორიშვილი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლებისას უკრაინის მხარდაჭერაზე, ევროპაში უსაფრთხოების და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიზნებზე ისაუბრა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, რუსეთი დამარცხდება, მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მისი მეზობელი შეძლებს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილების განხორციელებას

„ჩვენ ყველა ღრმად შეშფოთებულები ვართ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიით და მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ. საქართველო იყო სამეზობლოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის პირველი მსხვერპლი; საქართველოს ორი რეგიონი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა კვლავაც გრძელდება იქ; ისევ ვეძიებთ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზას; ვცხოვრობთ ომების მტკივნეული მოგონებებით და უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე. მიუხედავად ამისა, ვაკეთებთ ყველაფერს რათა გვქონდეს პროგრესული დღის წესრიგი, გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პირობები, შევქმნათ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო და წვლილი შევიტანოთ შუა კორიდორის განვითარებაში ტრანზიტისთვის. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება და მივისწრაფვით გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები. წლების განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი. გასულ წელს საქართველომ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად და მიიღო ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსის გარეშე, უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით. დღეს ჩვენ არ გვაქვს დრო და ფუფუნება გაჭიანურებული დაპირებებისთვის, არც ყალბი ნარატივებსა და აღქმებთან გამკლავებისთვის, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ გვჭირდება ცალსახა და ნათელი მხარდამჭერი ნაბიჯები და იმედია, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ წლის ბოლოს იქნება ერთ-ერთი ამგვარი ნაბიჯი. რუსეთი დამარცხდება, მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მისი მეზობელი შეძლებს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილების განხორციელებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები