26 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ შედგა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის. სხდომაზე თავდაცვის კოდექსში ცვლილებები უნდა განეხილათ.

„ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში არ არის იმდენი დეპუტატი, რომ მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას კვორუმი. ფრანკოფონიის ღონისძიებაზე არიან კოლეგები. შესაბამისად, ვერ შევძლებთ, მარტო უმრავლესობით დღეს კვორუმი შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას ეძახდნენ საბოტაჟს და კარგია, რომ დაფიქსირდნენ, რომ ეს ყოფილა საპარლამენტო ინსტრუმენტი. მათ ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს. ჩვენი კოლეგები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან, უცხოეთიდან როცა ჩამოვლენ, ფრანკოფონიის ღონისძიებებიც როცა მორჩება – ეს იქნება ივლისის ბოლოს თუ აგვისტოს დასაწყისში, მობრძანდებიან და იმუშავებენ. ეს გაუკეთეთ ახლა საკუთარ თავს. რაღაც შვებულებებს რომ იხვეწებოდით ხოლმე, შვებულება არ გექნებათ. როცა ვიტყვით, როცა შევიკრიბებით, მაშინ მობრძანდებით, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა. ცოტას მაინც რომ მიხვდით, ეს უკვე კარგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, დღევანდელი შემთხვევა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხების მიმართ ოპოზიციის უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ადასტურებს.

„ეს არის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხების მიმართ. დღეს რეალურად, ჩვენ დავინახეთ, როგორ მოხდა ოპოზიციის „გირჩიზაცია“, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ

დღის ამბები