პოლიციამ კახეთში მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში 2 პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს - 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.