26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
გადაწყვიტეს, რომ რუსეთში ვითარების დაძაბვა არის იმის წინაპირობა, რომ საქართველომაც ხელი გამოიღოს და თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს - ვოლსკი ოპოზიციაზე

პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოზიციას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იზიარებენ. საუბარია წერილზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა, სადაც რუსეთში პრიგოჟინის ამბოხების მცდელობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ქართული ოპოზიციის რეაქცია შეაფასა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ის პოზიციები, რომლებიც ოპოზიციას ჰქონდა რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სწორედ უსაფუძვლო აღფრთოვანების შედეგი იყო.

"აღტაცება ჩვენ ნამდვილად ვიხილეთ და ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა პროცესები. აქ მოგონილი არაფერი არ არის. მათ გადაწყვიტეს, რომ რუსეთში ვითარების დაძაბვა არის იმის წინაპირობა, რომ საქართველომაც ხელი გამოიღოს და თავის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. ეს არ არის ახალი თემა, ეს არის ის პროცესი, რომელსაც ინტენსიურად მხარს უჭერდა ე.წ. ოპოზიცია. არასერიოზული დამოკიდებულების გარდა, ეს ეს იყო გამეორება იმ მავნებლური, გამაღიზიანებელი პოლიტიკისა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ იმას, რომ ოპოზიციის, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების პოლიტიკა არის დამაზიანებელი.

"არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც არის ოკუპირებული 20% რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსნის მხარდაჭერა, რომელიც ასევე ჩვეულებრივ იბრძოდა უკრაინაში, რუსეთის სასარგებლოდ გააკეთო განცხადებები. როგორ შეიძლება პრიგოჟინის პარტია გახდე ოპოზიციური პარტია.

ვინმეს წარმოუდგენია, რომ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გარეშე როგორმე მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? ეს რადიკალური ოპოზიცია სწორედ აქეთკენ მოგვიწოდებდა, რომ ოსებთან და აფხაზებთან შევსულიყავით ტანკებით. აქედან გამომდინარეობს სწორედ ის, რომ გამოჩნდა კიდევ, მეორე ფრონტის მომხრეები არიან რადიკალურ ოპოზიციაში," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები