26 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ჩვენ გვჭირდება არა ომი, არამედ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ზრუნვა ერთიანი წარმატებული სახელმწიფოს ასაშენებლად - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთში პრიგოჟინის ამბოხების მცდელობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ქართული ოპოზიციის რეაქცია შეაფასა.

პრიგოჟინის ამბოხებიდან კვირაზე მეტი გავიდა და ემოციების ჩაცხრომის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო ოპოზიციის რეაქცია ე.წ. "ბახმუტის ხორცსაკეპის" ავტორის ერთდღიან ავანტურაზე.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმ დღეს ჩვენ დილიდან მოვუწოდეთ ოპოზიციას, მშვიდად დაკვირვებოდნენ მოვლენებს. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი რჩევა ყურად არ იღო. ყველას გვახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა კოლექტიური ნაცმოძრაობა პრიგოჟინს, როგორ უძღვნიდა მას შეძახილებსა და ლექსებს, როგორ გეგმავდა პრიგოჟინის წარმატების კვალდაკვალ არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლას, არამედ სოჭის აღებასაც და ა.შ.

მთელ ამ ისტორიაში მთავარი ის არაა, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ მოვლენები სათანადოდ ვერ გააანალიზა. მთავარი არც ისაა, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც მთლიანად გარე კოორდინაციით მოქმედებდნენ და ხელისუფლებას ერთსა და იმავე აბსურდულ მოთხოვნას უყენებდნენ. მთავარი არც მათი აჟიტირების მორალური მხარე და ის ფაქტია, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ უკრაინელების „ხორცსაკეპის“ ავტორის წარმატებაში საკუთარი შანსი დაინახა.

პრიგოჟინის ამბოხებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციაში ყველაზე ნიშანდობლივი მეორე ფრონტისკენ მათი ლტოლვის მორიგი დემონსტრირება იყო. ისინი ვერ მალავდნენ, რომ შესაბამისი ბერკეტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ პირველივე შანსს აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესასვლელად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.

ბუნებრივია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებდა და ისინი ამ შემთხვევაშიც დავალებებით მოქმედებდნენ. მათი პატრონების უმთავრესი მიზანია, მიაღწიონ მეორე ფრონტს და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ნდობის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.
ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ერთიან საქართველოში, არამედ გვჭირდება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ნდობის აღდგენაც. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვენთვის ნამდვილი ღირებულება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ვისი ფიქრიც აქეთკენ არის მიმართული, მას ან უკიდურესი არაკეთილგონიერება, ან საქართველოს მტრობა ამოძრავებს.


მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, რისთვისაც ჩვენს ქვეყანას არა მეორე ფრონტი, არამედ პრაგმატული და რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკა, არა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის კიდევ ერთხელ შერყევა, არამედ ნდობის აღდგენა ესაჭიროება. ჩვენ გვჭირდება არა ომი ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ ზრუნვა ერთიანი, წარმატებული სახელმწიფოს ასაშენებლად," - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.

დღის ამბები