26 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
"საქართველოს დღეს აქვს ბევრად უკეთესი და ძლიერი დემოკრატია ვიდრე ჰქონდა 10 წლის წინ" - არჩილ თალაკვაძე

"დღეს ამ დარბაზში გამოჩნდა, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უკეთესი და ძლიერი დემოკრატია ვიდრე ჰქონდა 10 წლის წინ,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ გამართული პოლიტიკური დებატებისას.

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ დარბაზში ისაუბრა შემდეგზე: პირველი, საქართველოს უსაფრთხოება და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში გახლავთ განუხრელად დაცული ჩვენი, ხელისუფლებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მან ასევე ისაუბრა და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც, როდესაც ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად განვაგრძობთ ქვეყნის მართვას. მეორე, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ეს არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს ომის დაწყებამდეც ჰქონდა, მაგრამ უფრო რთული იყო ამ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება უკვე იმ რთული კრიზისის და რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, რომელიც ახლა გვაქვს რეგიონში, მაგრამ საქართველომ დღეს ეს შეძლო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

ამას აჩვენებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ამას აჩვენებს დეფიციტის შემცირება, ამას აჩვენებს მსოფლიო ბანკის მონაცემები. იმ მსოფლიო ბანკის, რომელზეც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები საუბრობდნენ. როგორც ჩანს მათთვის ორი მსოფლიო ბანკი არსებობს ანუ, ერთი, სადაც საქართველოს აქვს პროგრესი მათთვის არის მიუღებელი, მაგრამ იქ, სადაც შეუძლიათ კრიტიკული რეკომენდაციები ამოიკითხონ, ეს არის მხოლოდ მათი მსოფლიო ბანკი.

ასევე, დღეს ამ დარბაზში გამოჩნდა, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უკეთესი და ძლიერი დემოკრატია ვიდრე ჰქონდა 10 წლის წინ და რომ გავიხსენოთ რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ დებატს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი მოსულიყო ამ დარბაზში და გამართულიყო პოლიტიკური დებატები,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები