26 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა გააღრმავოს პოლარიზაცია - ხატია დეკანოიძე

ეს არის ყველაფერი ის, რაც  ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას, -  განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება 11 წლის  განმავლობაში საუბრობს მარტო "ნაციონალურ მოძრაობაზე", სააკაშვილზე და  პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს.

"საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ  საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე,  წყალზე,  ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ  ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ხელისუფლებაა რადიკალური, დესტრუქციული და პოლარიზაციის გამაღრმავებელი.

"თუ ვინმე არის დესტრუქციული, რადიკალური, პოლარიზაციის გამაღრმავებელი დღეს, ეს არის სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა და ეს არის სწორედ საქართველოს ხელისუფლების შემოქმედება. არაფერი არ გაქვთ სათქმელი გარდა იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე", სააკაშვილზე და რაღაც პოლარიზაციაზე და ზიზღზე ისაუბროთ, მეტი შეთავაზება ადამიანებისთვის თქვენ არ გაქვთ. 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, რაზე საუბრობთ?! ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ თავის საკუთარ შვილებს, ადამიანები ისეთ გაჭირვებაში არიან, არ ვიცი, როდის გახვედით ბოლოს და როდის იკითხეთ საერთოდ?!" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები