26 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ძალიან ბევრი მეჩეთი გადავეცით საკუთრებაში მუსლიმ თემს და ეს პროცესი გაგრძელდება - პრემიერი

ძალიან ბევრი მეჩეთი გადავეცით საკუთრებაში მუსლიმ თემს და ეს პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ მეტი დახმარება ექნებათ, მათ შორის დაგეგმილია დაფინანსების გაზრდაც.

"იცით, რომ ბათუმის მეჩეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, არსებულ მეჩეთს. რელიგიის სააგენტოს შექმნის დღიდან და მოგეხსენებათ, ჩემ დროს შეიქმნა ეს სააგენტო, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ვეხმარებით ტრადიციულ რელიგიებსაც. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას ჩვენი ტრადიციული რელიგიების მიმართ.

ჩვენ ოდითგანვე ვიყავით ტოლერანტული საზოგადოება, არ გვესწავლება სხვებისგან როგორ უნდა მოვიქცეთ. ძალიან ბევრი მეჩეთი გადავეცით საკუთრებაში მუსლიმ თემს და ეს პროცესი გაგრძელდება, კიდევ მეტი დახმარება ექნებათ, დაფინანსების გაზრდაც გვაქვს დაგეგმილი. ასე რომ, ყველაფერს, ყველა პროექტის განხორციელებას აქვს თავისი წესები, კეთილი უნდა ინებოს ყველამ, დაემორჩილოს წესებს, კანონებს, პროცედურებს, ნებართვის წესებს და ასე შემდეგ.

ყველაფერს თავისი წესები აქვს, არსებობს ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება. საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის გადასაწყვეტი საზოგადოების, მორწმუნე თემის, მუსლიმი თემის, ჩვენ ჩვენი მხრიდან რაც შეგვეძლება მხარდაჭერას გამოვუცხადებთ და დავეხმარებით მას," – განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები