საქალაქო სასამართლოში, იმ პირის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე 126 მუხლით ბრალდება წარუდგინეს. მოსამართლემ აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დანაშაული სოციალურ ქსელში თავად აღიარა და მოტივად, პატრიარქის მიმართ მიშა მშვილდაძის განცხადებები დაასახელა. თავად მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
"სასამართლოზე გაჟღერდება რამდენიმე სახის შუამდგომლობა. გირაოს საკითხსაც დავაყენებთ, პერსონალური თავდებობის საკითხსაც დავაყენებთ. ვიცით ის გარემოება, რომ პროკურატურა პატიმრობით შედის. მოლოდინებს ვერაფერს ვერ გეტყვით, მოსამართლის ღირებულებებზეა დამოკიდებული," - აცხადებს ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი.
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
"მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები," - აცხადებს პროკურორი.