26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
რაც თქვეს ემანუელ მაკრონმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა, მეც თითქმის იგივე ვთქვი, რომ უკრაინას აქვს სურვილი გახდეს ნატო-ს წევრი, გაუგებარია ეს აჟიოტაჟი - პრემიერი

რაც თქვეს ემანუელ მაკრონმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა, მეც თითქმის იგივე ვთქვი, რომ უკრაინას აქვს სურვილი გახდეს ნატო-ს წევრი, გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას არავითარი უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო ათი წელია პრაგმატულმა, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგი მოიტანა, რასაც შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გამყარება უნდა.

"ბატონმა მაკრონმა თქვა, რომ საქართველოს და უკრაინას მიეცა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა ყოველგვარი გარანტიების გარეშე, რომ ეს დასრულდა აგრესიით ორივე ქვეყნის მიმართ. ეს ბატონი მაკრონის სიტყვებია. ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიანმა ასევე თქვა, რომ უკრაინა დაისაჯა იმის გამო, რომ მას ჰქონდა თუ აქვს სურვილი, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მეც თითქმის იგივე ვთქვი, რომ მას აქვს სურვილი გახდეს ნატო-ს წევრი, იგივეა, ნატო, ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე. გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, თუმცა სხვა თემა რომ არ დარჩენიათ, რაღაცაზე ხომ უნდა ეხმაურათ. შემდეგ ვიღაცები დაიხმარეს გარედან და არაფრისგან შექმნეს აჟიოტაჟი, საერთოდ არაფრისგან. რაიმე ახალი ვთქვი, თუ რა?! რაიმე ახალი გითხარით, რაც არ იცით?!

დღეს ქვეყანას არავითარი უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია, ნული. ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენ განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის ბედს, მათ შორის უსაფრთხოებასაც და ჩვენ ვუვლით, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. დღეს რაც ვიცით, ერთადერთი ასეთი გარანტიების მიმცემი ორგანიზაცია არის ნატო, რომლის წევრიც არ ვართ, არც ევროკავშირის წევრი არ ვართ ჯერჯერობით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული უცხო ქვეყნის ჯარები, საოკუპაციო ძალები, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%, ეს არის დიდი გამოწვევა. ამ ვითარებაში მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, მით უმეტეს ამ ფონზე, რაც ხდება უკრაინაში, 20% განადგურებულია საერთოდ მთელი ტერიტორიის, გასწორებულია მიწასთან, ოკუპირებულია უკვე უკრაინის ტერიტორიის 20% და ომი არ ჩერდება. ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ისე, რომ გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინებაც და გონიერება, რომ ქვეყანას აარიდოს მორიგი დამანგრეველი ომი და ოკუპაცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ვნახეთ, ბოლო ათი წელია ამ პოლიტიკამ, ამ პრაგმატულმა, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილმა, ორიენტირებულმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგი მოიტანა. ერთადერთი შემთხვევაა ჩვენი მმართველობის დროს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომ ქვეყანას არ ჰქონია ომი, არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ჰქონია არავითარი სერიოზული კონფლიქტი. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, მადლობა ღმერთს. ამას ხომ უნდა გაფრთხილება, შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გამყარება,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ნატო-ს სამიტზე პროგრესი, რომელიც მიღწეული, სათანადოდ იყოს შეფასებული.

"მინდა ვთქვა, რომ მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე ვიქნებით წარმოდგენილი, საქართველო იქნება წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით და ვნახოთ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებულიც, შეფასებულიც, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, მაპის თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოვეს, რომ მაპს რომ მოგვცემენ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც მაპი ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, მათი უგუნური პოლიტიკის გამო, ვერ აირიდეს თავიდან ეს დიდი პროვოკაცია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის და სხვათა განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ნატო-ს გენერალური მდივნისა და სხვა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯები. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ. სიმშვიდე გვჭირდება და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად,"-აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები