26 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"გენერალ არმაგედონად" წოდებული სერგეი სუროვკინი, სავარაუდოდ, დაკავებულია - როგორ უსწორდება პუტინი ამბოხებულ სამხედროებს

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი და პუტინის მარჯვენა ხელი სერგეი სუროვიკინი "ლეფორტოვოს" წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოცემების ინფორმაციით, პუტინი სუროვიკინს პრიგოჟინთან კავშირში ადანაშაულებს. "სირიელი ყასბის" მეტსახელით ცნობილი გენერლის ქალიშვილი ამბობს, რომ მამამისი სამსახურშია და ის არავის დაუკავებია.

ეჭვები იმის შესახებ, რომ ყველაფერი რიგზე არაა, "ნიუ იორკ თაიმსს" გაუჩნდა. ამერიკული გამოცემა წერს, რომ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა "ვაგნერის" მეთაურის ამბოხის შესახებ - პრიგოჟინის წარუმატებელ ლაშქრობამდე რამდენიმე დღით ადრე. "ნიუ იორკ თაიმსი" შეერთებული შტატების იმ ოფიციალურ პირებს ეყრდნობა, ვისაც დაზვერვის მასალებზე მიუწვდებათ ხელი.

თითქმის ანალოგიურია "უოლ სთრით ჯორნალის" მოსაზრება. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ პრიგოჟინი ავანტიურაზე სამხედრო მაღალჩინოსნების მხარდაჭერის გარეშე არ წავიდოდა. თუმცა, არსებობს განსხვავებული ვერსიაც - რომ სუროვიკინმა ამბოხის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა. რუსული მედია ინფორმაციას გენერალ სუროვიკინის მოადგილის ანდრეი იუდინის დაკავებაზეც ავრცელებს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.. მცირე კომენტარი მედიასთან პუტინის პრესსპიკერმა გააკეთა.

პრიგოჟინის ამბოხით დასკვნა აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა გამოიტანეს. სადაც, ამ დროისთვის "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლთა დიდი ნაწილია ბაზირებული. კრემლი პარტნიორების დამშვიდებას ცდილობს - სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრნენ. წინასწარი ინფორმაციით, მოსკოვის გზავნილია რომ "ვაგნერის" შენაერთები კრემლის კონტროლს დაექვემდებარონ.

დღის ამბები