თბილისი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, აჭარა, შიდა ქართლი, სამეგრელო და კახეთი - თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაცია, 52 ადამიანის დაკავებით დასრულდა. მათ შორის არის არასრულწლოვანიც - 16 წლის მოზარდი პოლიციამ დროებითი მოთავსების იზოლატორში, საკუთარი სახლიდან გადაიყვანა. არასრულწლოვანს გამოძიება ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება.
მოზარდის სახლთან, ფონიჭალაში სამართალდამცველები დილიდან იყვნენ მობილიზებული. ჩხრეკის ღონისძიება 3 საათს გაგრძელდა. იაკობ ცურტაველის 13 ნომერში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს, დაწყებიდან დასრულებამდე, მოზარდის ინტერესების დამცველი ესწრებოდა.
ასევე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალგაზრდა მამაკაცი გორში მაშინ აიყვანეს, როდესაც ის შინდისის გმირების ქუჩაზე გადაადგილდებოდა. დაკავებული ირწმუნებოდა რომ ამოღებული ნივთიერება მარილი იყო.
სამართალდამცველებმა 25 წლამდე პირი გაჩხრიკეს და უკვე სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.
მასშტაბური სპეცოპერაციების ჩატარებამდე, პოლიცია, რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურად მუშაობდა და მტკიცებულებებს აგროვებდა.
საკონტროლო შესყიდვები, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს. დანაშაულის ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღის ბოლოს გაავრცელა. კადრებში ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ფაქტები ჩანს. ჩანაწერების მიხედვით დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები, ნარკოტიკებს სხვადასხვა მეთოდით ყიდდნენ. რეალიზაციისთვის ყველაზე გავრცელებული გზა,მათთვის ე.წ სამალავების გამოყენება იყო. დამნაშავეები დაფასებულ ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ ადგილას ტოვებდნენ, მყიდველს მისამართს აწვდიდნენ და თანხას სპეციალურ ანგარიშზე არიცხვინებდნენ.
გამოძიებამ დაადგინა რომ ნარკოდანაშაულებრივ სქემაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულები. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც, "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, შემოტანას, სხეულით ცდილობდა. სამართალდამცველებმა ის საზღვარზევე აიყვანეს.
მასშტაბური სპეცოპერაციების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით საკმაოდ დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაა ამოღებული. პოლიციამ ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღებიც იპოვა.
დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ნარკოდანაშაულის საქმე, რომელსაც გამოძიება 52 დაკავებულს ედავება, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.