26 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ტელეწამყვანის ცემისთვის დაკავებულს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა- ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დანაშაული საჯაროდ, "ფეისბუქ" პოსტით თავად აღიარა

მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ნიკოლოზ გუგეშაშვილს ბრალი უკვე წარუდგინა. პოლიციამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს. საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, მიშა მშვილდაძემ ფიზიკური ანგარიშსწორების დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა და თქვა, რომ მასზე ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა.

უკვე მეორე დღეა ძალადობის ფაქტები პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი მიზეზია. მმართველი გუნდი ყოველგვარ აგრესიას გმობს, მიშა მშვილდაძეს კი მის განცხადებებზე დაფიქრებასაც ურჩევს.

"ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის წარმომადგენელზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ჯერ დაკავებული არავინ არ არის. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, დავით ოსიყმაშვილი ამ დრომდე კლინიკა "ვივამედში" რჩება. თანაპარტიელზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის გამო, "ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლობას ისევ ხელისუფლებას აკისრებს.

ძალადობის კულტივირება და წახალისება მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარისთვის. სპიკერთან ერთად მმართველი გუნდის სხვა წევრებიც მოუწოდებენ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, შეწყვიტონ აგრესიული კამპანია, რომელიც, მათი თქმით, საზოგადოების დაპირისპირებას იწვევს.

მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული ნიკოლოზ გუგეშაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

ავტორი : ანუკა ბუავა

 

დღის ამბები