26 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
როგორი უნდა იყოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა - ბრიუსელში, დახურულ კარს მიღმა ლიდერები ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად მსჯელობენ

ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ. წინა კვირას რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა სამიტის დღის წესრიგი შეცვალა. როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს ევროკავშირს არასტაბილური რუსეთიდან გამომდინარე, როგორი უნდა იყოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, ამ თემებზე ახლა დახურულ კარს მიღმა ლიდერები ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად მსჯელობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის გაფართოების თემა წლის ბოლოს იქნება ევროკავშირის დღის წესრიგში, განცხადებებს ლიდერები დღესაც აკეთებენ. ლიეტუვის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ მოხდება რეფორმების წარმატებით გატარება, საქართველო მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებებს.

"ომის გამო უკრაინის ნატოში სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი ახლა შეუძლებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ვილნიუსში მჭიდრო კოორდინაციით მივაწოდოთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას. ყველა ქვეყანა, აღმოსავლეთის ქვეყნები, იმსახურებენ სამართლიან მოპყრობას და თუ მოხდება რეფორმების წარმატებით გატარება მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, ყველა იმსახურებს პოზიტიურ შედეგებს, პოზიტიურ გადაწყვეტილებებს. მახსოვს ჩვენი ისტორია, ჩვენი გზა ევროკავშირისკენ.

თავიდანვე, ალბათ, სხვადასხვა ქვეყანაში იყო სხვადასხვა ვითარება, მაგრამ ჩვენი სამართლებრივი სისტემის კორექტირების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი. რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში ნებისმიერი მოძრაობა გავლენას მოახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მე არ ვეთანხმები, როცა ზოგიერთი კოლეგა ზოგჯერ ამბობს, რომ ძლიერი პუტინი ნაკლებად საშიშია, ვიდრე სუსტი. მე არ ვეთანხმები ამას. ჩვენ წინ უნდა ვიაროთ რადგან ახლა ეს ისტორიის გადამწყვეტი მომენტია. თუ ჩვენ ახლა არ ვიქნებით გადამწყვეტი ერთიანობაში, ხვალ უკვე გვიანი იქნება,"-აცხადებს გიტანას ნაუსედა.

ამასთან, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დასუსტებული პუტინი მსოფლიოსთვოს ბევრად უფრო საშიშია.

"პუტინი ამ კრიზისმა დაასუსტა, მაგრამ უფრო დასუსტებული პუტინი უფრო დიდი საფრთხეა. ასე რომ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ შედეგები. ერთადერთი პასუხი, რაც შეგვიძლია გავცეთ იმას, რაც რუსეთში ხდება, არის უკრაინის მხარდაჭერა. აქამდე რუსეთს საფრთხედ აღვიქვამდით, რადგან ის იყო ძალა. ახლა რუსეთს უნდა შევხედოთ, როგორც რისკს შიდა არასტაბილურობის გამო. უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა დიდ ხანს უნდა გაგრძელდეს. ეს არ არის მხოლოდ შემდგომი 500 მილიონიანი პაკეტი, შემდგომი შეიარაღების მიწოდება. ეს არის ის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს, ომის დროს და ომის შემდეგ,"-აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტის პრეზიდენტის მხრიდანაც. რობერტა მეცოლა დიპლომატებს ახსენებს, რომ უკრაინა იბრძვის ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის.

"არასდროს არ უნდა დავივიწყოთ რომ უკრაინა ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის , ჩვენი ღირებულებებისთვის ,ასევე ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის . სწორედ ამიტომ ის უკანასკნელი გადაწყვეტილება კომისიის და ევროპარლამენტის თავდაცვაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი .ევროპარლამენტი სულ მალე მიიღებს უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას,"-აცხადებს რობერტა მეცოლა.

 

დღის ამბები