მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში 2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. წინასაგამოცდო მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, სოფიო გორგოძესთან ერთად პირადად გაეცნო.
როგორც გელა გელაძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით გამოცდებისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება და ყველა საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის პროცესი გეგმით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, აპლიკანტებს ყველა პირობას უქმნის, რომ გამოცდები მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.
საგამოცდო ცენტრებში მიმდინარეობს ვიდეოკამერებისა და ელექტრო ქსელის მონტაჟი და, აგრეთვე, კომპიუტერების განთავსება. სპეციალური პროგრამები უკვე ჩაწერილია ლეპტოპებში, ამობეჭდილია პასუხების ფურცლები და დამხმარე მასალები, გამზადებულია შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლებიც. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურითა და საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.