ჭიათურელი მაღაროელები მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან. კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პირველი ივლისიდან კვლავ სრული დატვირთვით იმუშავებს, როგორც ახალი გამამდიდრებელი ქარხანა, ისე ამ დროისთვის გაჩერებული მაღაროები. ახლა წარმოების აღსადგენად ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენელი დღეს ვითარებას ადგილზე გაეცნო და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაც გამართა. წარმოების განახლებისთვის კომპანია ყველა საკითხს მაღაროელებთან ერთად განიხილავს. სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვისა და პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით შეიქმნება მრავალმხრივი კომისია, რომელიც 3 თვის ვადაში კონკრეტულ რეკომენდაციებს მოამზადებს.
ჯორჯიან მანგანეზმა თანამშრომლებს ხელფასი კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე დაახლოებით 12%-ით გაუზარდა. ანაზღაურების მატება იყო მთავარი იმ მოთხოვნებს შორის, რომელსაც მაღაროელები რამდენიმედღიანი გაფიცვის დროს აყენებდნენ. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ხელფასის მატების წესი გაწერილია კოლექტიურ ხელშეკრულებაში, რომელიც დამსაქმებელს, დასაქმებულებსა და პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის ჯერ კიდევ 2021 წელს გაფორმდა.
სპეციალური კომისია იმუშავებს აუდიტორული კომპანიის მოწვევაზეც, რომელიც შეისწავლის ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ფინანსურ მდგომარეობას. სამუშაო პროცესში აქტიურად იქნება ჩართული პროფკავშირები.
ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის წარმოებაში 3400 ადამიანი მუშაობს. კომპანია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.