26 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
შემზარავი ფაქტი გიორგიწმინდაში - "კურიერმა" გაარკვია, რომ შვილმა დედა სამზარეულოში მოკლა

45 წლის ქალმა დედას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა  და დანაშაულის იარაღი დამალა. შემზარავი ფაქტი საგარეჯოს სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა.  დაჭრილი 75 წლის ეთერ ქურხულის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, მეზობლებმა დღის 12 საათზე გაიგეს. პოლიცია შემთხვევის ადგილზე სწორედ მათ გამოიძახეს. მანამდე კი დასახმარებლად სოფლის ექიმს მიმართეს, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საკუთარი დედის განზრახ მკვლელობისთვის ცხელ კვალზე დააკავეს თამილა იორამაშვილი.

"კურიერმა" გაარკვია, რომ შვილმა მშობელი სამზარეულოში მოკლა. ამ დროს დედა-შვილი სახლში მარტო იყვნენ. გამოძიებით ირკვევა, რომ მომხდარს წინ უძღოდა სიტყვიერი კამათი. ახლობლების ვერსიით, კი მომხდარი დაკავებულის ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირდება, მეზობლები ჰყვებიან, რომ დედა-შვილის ჩხუბი ხმაც არაერთხელ გაუგიათ.
 
გიორგიწმინდაში ჩატარებული რამდენიმესაათიანი საგამოძიებო ღონისძიების შედეგად სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ამოიღეს. პარალელურად მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა. ბრალდებულს ბრალს სავარაუდოდ ხვალ გააცნობენ. იყო თუ არა შერაცხადი, საკუთარი დედის მკვლელობის დროს თამილა იორამაშვილი - ეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზით დადგინდება. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დღის ამბები