26 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ - ორდღიანი შეხვედრების შედეგებს სანქციების თანაავტორები აჯამებენ

2-დღიანი შეხვედრების შედეგები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე შეაჯამა. როგორ უზრუნველყოფს საქართველო რომ არ მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, რამდენად მისაღებია სისტემა, რომლითაც ქვეყანა ხელმძღვანელობს და ხომ არ არსებობს საფრთხე საქართველო ე.წ. შავ ხვრელად გამოიყენონ?! სანქციების თანაავტორებმა მედიის ყველა შეკითხვას უპასუხეს და ხაზგასმით თქვეს, რომ საქართველოს აქვს სისტემა, რომლითაც სანქციების შესრულების ეფექტური კონტროლი შესაძლებელია.

საერთაშორისო სანქციების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს ბრიტანელი მაღალჩინოსანიც. კუმარ აიერი ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს სანქციებისთვის თავის არიდების სივრცე. მონიტორინგის ჯგუფის წევრი ვარაუდობს, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ყოველთვის ეცდება სანქცირებული პროდუქციისთვის არალეგალური გზები მოძებნოს.

სანქციების არცერთ თანაავტორს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის სასარგებლოდ გამოყენება არ დაუდასტურებია, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის ეს საკითხი მაინც პოლიტიკური ბრალდების მთავარ თემად რჩება. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი ძალა სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს.

ოპოზიციის განცხადებები მმართველი პარტიისთვის სპეკულაციურია. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრების დასკვნამდეც ოპოზიცია მორიგ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების 2 დღიანი ვიზიტი დასრულებულია. საქართველოს შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი სომხეთს ეწვევა.

დღის ამბები