უკრაინაში რუსულმა აგრესიამ კიდევ 3 არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათი ცხედრები მაშველებმა დილის საათებში აღმოაჩინეს. რესტორნის და სახლის ნანგრევებში გადარჩენილებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, სამხედროებთან და ადგილობრივებთან ერთად ამ დრომდე ეძებენ. უკანასკნელი ცნობების თანახმად, კრამატორსკზე რუსეთის იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა 60-ზე მეტი, მათ შორის რამდენიმე მცირეწლოვანია.
რუსეთი კრამატორსკის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანზე თავდასხმას წინასწარ გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია ჯაშუში, რომელმაც რუსულ მხარეს ზუსტი კოორდინატები მიაწოდა.
საოკუპაციო ძალამ იერიში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილზეც მიიტანა. რაკეტების და დრონების კომბინირებული შეტევის მთავარი სამიზნე არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. აგრესორმა ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს, საბავშვო ბაღის და საავადმყოფოს შენობებს გაუხსნა. 3 მშვიდობიანი დაიღუპა ხერსონში.
რუსეთის ინტენსიური იერიშის მიუხედავად უკრაინის დედაქალაქს დღეს ლიეტუვას და პოლონეთის პრეზიდენტები ესტუმრნენ. საუბრის მთავარი თემა ანდჟეი დუდას ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი სამხედროების მიერ შესაძლო ტერაქტის მოწყობა და ვილნიუსში ნატო-ს სამიტისთვის მზადებაა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ლიმანის, ბახმუტის და მარიინკას მიმართულებით რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალას დიდი დანაკარგი აქვს, როგორც მძიმე შეიარაღების და საფრენი აპარატების, ისე ცოცხალი ძალის კუთხით. ძალოვან უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ ფრონტის სხვადასხვა სექტორში უკრაინელებმა საშუალოდ 1400 მეტრით წაიწიეს წინ.
შეტევის პარალელურად, უკრაინაში მასშტაბური სწავლება მიმდინარეობს. მისი მიზანი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიისთვის მზადება და უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების შემუშავებაა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სადგურის მეხუთე ბლოკი მძიმე მდგომარეობაშია და მისი შეკეთების საშუალებას სპეციალისტებს ოკუპანტები არ აძლევენ.