26 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული ძალადობისთვის, ნიკოლოზ გუგეშაშვილი რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ დააკავეს - ახალგაზრდა მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ რამდენიმე საათში წარუდგენენ

მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული ძალადობისთვის, ნიკოლოზ გუგეშაშვილი, რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ რამდენიმე საათში წარუდგენენ. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემამდე გუგეშაშვილმა დანაშაული სოციალური ქსელით თავად აღიარა და ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე ფიზიკურად სწორედ მან იძალადა. ის, პოლიციამ მალევე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა განყოფილებაში მისვლამდე მან "ფეისბუქპოსტი" წაშალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და წინა ხელისუფლების პერიოდში სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა.

ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმა ვაჟა ფშაველას 39 ნომერში, ჰიპერმარკეტ კარფურთან, მოხდა. 20 დარტყმა სახის არეში, მიშა მშვილდაძეს მაშინ მიაყენეს, როცა ის მარტო გადაადგილდებოდა.ტელეწამყვანმა მოძალადის იდენტიფიცირება ვერ შეძლო, თუმცა ახსოვს, რომ უცნობმა მამაკაცმა აგრესიის მიზეზად პატრიარქის მიმართ, მისი დამოკიდებულება დაასახელა. ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, "ფორმულას" დამფუძნებელმა პოლიციას თავად შეატყობინა, მოგვიანებით გამომძიებლებს ჩვენება მისცა და პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

ეკლესიის წინააღმდეგ, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. გავრცელებულ განცხადებაში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის საპატრიარქოზე დაკისრება დაუშვებელია.

წუხელ თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის სამეურნეო სამსახურის წარმომადგენელზეც განხორციელდა. დავით ოსიყმაშვილს, გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ და სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. ოსიყმაშვილი ტვინის შერყევითა და ცხვირის მოტეხილობით კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა თანაპარტიელზე განხორციელებულ ძალადობას, მუქარით პასუხებს ლევან ხაბეიშვილი.

ირაკლი კობახიძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევს. მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ძალადობა და მისი წახალისება ნებისმიერი სახით მიუღებელია. ოპოზიციას კი რადიკალიზმის გაღვივების ნაცვლად, აგრესიის, დეზინფორმაციის და ცილისწამების კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ თავდასხმების მიზანი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დაშინებაა.

ლევან ხაბეიშვილის მუქარის შემცველ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სხდომათა დარბაზიდანაც გამოეხმაურნენ. მმართველი გუნდი ძალადობას გმობს და ოპოზიციას მიმართავს აგრესიის წახალისების ნაცვლად, ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ გადადგან.

"ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ნაციონალური მოძრაობის სამეურნეო სამსახურის წარმომადგენელზე განხორციელებული თავდასხმების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს.

 ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები