26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
საქართველოს მთავრობამ დიდი სამუშაო შეასრულა, არის კომპლექსური სისტემა, რომელიც, თუ გააგრძელებს მუშაობას, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ხდება თუ არა აკრძალული საქონლით ვაჭრობა - ჯეიმს ო"ბრაიენი

საქართველოს მთავრობამ დიდი სამუშაო შეასრულა, არის კომპლექსური სისტემა, რომელიც, თუ გააგრძელებს მუშაობას, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ხდება თუ არა აკრძალული საქონლით ვაჭრობა - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ჯეიმს ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.

"მე არ ვისაუბრებ შესაძლო სანქციებზე ან კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. შექმნილი სისტემა თუ გააგრძელებს მუშაობას, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ ხდება იმ საქონლით ვაჭრობა, რაც არის აკრძალული. ეს არის ახალი სისტემა და მას ვაუმჯობესებთ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე აქ, ყოველდღიურად. ბევრი დასახელების ელექტროსაქონლით ვაჭრობა იყო ლეგალური გარკვეულ პერიოდამდე ამ წლის დასაწყისამდე. უკვე თებერვლის ბოლოსკენ ჩემმა მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა და ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. უკვე ამის შემდგომ ჩვენ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ნელ-ნელა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტური. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა, რუსული ექსპორტი საქართველოში აღდგა ემბარგოს შემდეგ, ზოგიერთ გლობალურ კომპანიას თავისი საქონელი შემოაქვს საქართველოში ან რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყანაში, ვიდრე თავად რუსეთში.

ჩვენი შეხვედრებისა და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანია არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, მათ იციან, რომ ამ დასახელების პროდუქცია და საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის, თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა," - განაცხადა ჯეიმს ო"ბრაიენმა.

ცნობისთვის, სანქციების ჯგუფის ამერიკელმა და ბრიტანელმა წევრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

დღის ამბები