26 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის დისკრეციული უფლება ამჯერად საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დაბლოკვისთვის გამოიყენა - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო-სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად საკუთარი დისკრეციული უფლება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დაბლოკვისთვის გამოიყენა. ათონელის სასახლეში უკმაყოფილოები არიან იმით, რომ საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარეს უმრავლესობა მარტივი უმრავლესობით ანუ 76 ხმით აირჩევს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ცვლილებებით ქვეყანას ერთპარტიულად არჩეული ცესკოს თავმჯდომარე ეყოლება. პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს ცესკოს თავმჯდომარე 90 დეპუტატმა აირჩიოს.

პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა ისევ მარტივი უმრავლესობით დაძლევს. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს საბოტაჟში ადანაშაულებს და დარწმუნებულია რომ ზურაბიშვილი ხელოვნურ კრიზისს ქმნის. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვეტოს დაძლევა არა მხოლოდ მათი გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური აუცილებლობაა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დაბლოკვის ინტერესი ცესკოში კრიზისის ხელოვნურად შექმნაა.

"ქართული ოცნება" საკუთარ არგუმენტებს პარტნიორებსაც გააცნობს, თუმცა ოპოზიციაში უკვე აცხადებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლამ შესაძლოა ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ხელისუფლების ოპონენტები იმავე საფრთხეებზე საუბრობენ, რაზეც პრეზიდენტი საკუთარ განცხადებაში, რომ უბრალო უმრავლესობით, ანუ 76 ხმით თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება იქნება ერთპიროვნული და ცესკო ამ გზით მიიღებს ერთ კონკრეტულ ძალას დაქვემდებარებულ ხელმძღვანელს.

"საარჩევნო კოდექსში" 2 მოსმენით მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო გუშინ დაადო. მოტივირებული შენიშვნების განხილვა იურიდიულ კომიტეტზე სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გაიმართება.

დღის ამბები