26 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
ამერიკელი აგენტის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის მთავარი ფიგურანტი ახალ კრიმინალურ სკანდალში ეხვევა

"ქურდული გარჩევის" საქმე - ფარული ჩანაწერის მიხედვით, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ანზორ შარმაიძე მახათას მთაზე "ქურდულ გარჩევას" აორგანიზებს. კრიმინალური შეკრება ფინანსურ მოდავეებს შორის სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა. ე.წ. ავტორიტეტს დასახმარებლად მაღაზიის მფლობელმა ანრი ხარაიშვილმა მიმართა, რომელიც გამყიდველს სავაჭრო ობიექტიდან თანხის მიტაცებას ედავება. კრიმინალური გარჩევა ხარაიშვილის სასარგებლოდ გადაწყდა. მის ყოფილ თანამშრომელს კი, "ქურდული გარჩევის" შემდეგ, 8000 ლარის გადახდას მუქარით აიძულებდნენ.

ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ემუქრება კრიმინალური ავტორიტეტი ახალგაზრდა მამაკაცს. გამოძიების მიერ მოპოვებული ოპერატიული მასალის მიხედვით, გარჩევას მოდავეების გარდა, დაესწრო გიორგი შინჯიაშვილი, ზედმეტსახელად "ჩუქჩა", რომელიც სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. ფარულ მასალაში ისმის საუბარიც, სადაც შინჯიაშვილი დაზარალებულს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ანზორ შარმაიძე და მასთან ერთად ბრალდებული 2 პირი წარსულში ნასამართლევები არიან. შარმაიძე 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტია. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის ბრალდებით, შარმაიძემ ციხეში 15 წელი გაატარა. "სი-აი ეის" აგენტი, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის დაცვის წევრებს წვრთნიდა, 1993 წელს თბილისის გასასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. იმავე დღეს, მკვლელობის ბრალდებით, შარმაიძე დააკავეს.

სასჯელის მოხდის შემდეგ, შარმაიძემ თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა და პროკურატურას საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით მიმართა. გამოძიების დასრულებამდე ყოფილი პატიმარი ბრალდებულის სკამზე ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისთვის აღმოჩნდა. დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ მისი ადვოკატები.

შარმაიძეც და სხვა ბრალდებულებიც, თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე აიყვანეს. "კურიერი" დაკავებული ანრი ხარაიშვილის სახლში მივიდა. მის ახლობლებს საუბარი არ სურთ. დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს ბრალდებულის ადვოკატიც.

ვარკეთილში აიყვანეს გიორგი შინჯიაშვილი, რომელსაც მეზობლები არ იცნობენ.

"ქურდული სამყაროს" წევრობის, კავშირისა და მიმართვის ბრალდებით დაკავებულ 3 პირს პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ქურდული გარჩევის" საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

დღის ამბები