26 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესრულებაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების ვიზიტი საქართველოში - რა ინფორმაცია მიაწოდა თბილისმა მათ

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესრულებაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნები, მთავრობის ადმინისტრაციაში დღის პირველ საათზე მივიდნენ. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიენმა და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერიმ სამთავრობო დონეზე ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართეს. სანქციებისთვის თავის არიდების პრევენცია და შესაბამისი სამსახურების მხრიდან ეფექტური მუშაობა - ის მთავარი საკითხებია, რაზეც უცხოელმა მაღალჩინოსნებმა ინფორმაცია უშუალოდ პრემიერისგან მოისმინეს.

საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს კოორდინაციაზე გამახვილდა ყურადღება საგარეო საქმეთა მინისტრთან. ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის დროს ევროკავშირს, შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, სანქციების რეჟიმის დაცვის აუცილებლობა. ეს კი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან ბმაშია. პირველი დიპლომატის განცხადებით, ქვეყნის ევროპული არჩევანი ურყევია და ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმების გატარებისთვის სრულ მზაობას გამოთქვამს.

ერთ-ერთი საკვანძო უწყება დღეს დაგეგმილ შეხვედრებში ფინანსთა სამინისტრო იყო, სადაც დელეგაციის წევრებმა კიდევ ერეთი შეხვედრა გამართეს. სამთავრობო გუნდის წევრები ამბობენ, რომ პარტნიორებისგან დადებითად შეფასდა ის დახმარება, რომელსაც საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მხრივ უწევს.

პოლიტიკურის გარდა უცხოელი მაღალჩინოსნების ინტერესის სფერო იყო ბიზნეს კლიმატიც. სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევით ო’სალივანი დღეს ბიზნეს ასოციაციებსაც შეხვდა და პირადად მოისმინა რამდენად არის მზად სექტორი ევროპული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა თქვეს, სანქცირებული პროდუქტების შესაძლო იმპორტის შესახებ საუბარიც კი არ ყოფილა და ოფიციალურ ბრიუსელს აინტერესებდა ის, თუ რამდენად სურს ბიზნეს ევროპის ნაწილი გახდეს.

ე.წ სანქციების ჯგუფის წევრების ვიზიტი ოპოზიციის ნაწილისთვის პოლიტიკური გზავნილია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პარტნიორების სტუმრობა ერთგვარი გაფრთხილებაა სახელისუფლებო გუნდისთვის არ დაუშვან საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის.

"ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, საქართველო სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასდროს გამხდარა და საფრთხე არც სამომავლოდ არსებობს.

ე.წ სანქციების ჯგუფის წევრებს დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, დევიდ ო’სალივანი ევროკომისიის გენერალური მდივანი და ვაშინგტონში ევროკავშირის ელჩი იყო, ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა ოფისებს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ჯიმ ო’ბრაიენს, ის ბაიდენის ადმინისტრაციაში სანქციების კოორდინატორია და სამომავლოდ ევროპის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მომავალ თანაშემწედ მოიაზრება. სანქციების თანაავტორები ხვალ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და გენერალურ პროკურორს შეხვდებიან. გამგზავრებამდე კი, ხვალვე ბრიტანელი და ამერიკელი მაღალჩინოსნებიც მედიის კითხვებს გასცემენ პასუხს, ო’სალივანი კი ცალკე შეხვდება პრესას და განცხადებებს დღის ბოლოს ისიც გააკეთებს.

დღის ამბები