26 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ევროკავშირის გაფართოების შესახებ დისკუსიები ძალიან საინტერესოა - ევროპარლამენტარი ტეის როტენი

ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ამ წუთებში ბრიუსელში მსჯელობენ. საკითხი ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. დაგეგმილია გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სიტყვით გამოსვლაც.

მანამდე კი სხდომაზე განცხადებები ევროპარლამენტარებმა გააკეთეს, რომლებით ფიქრობენ, რომ არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ახლა ევროკავშირისთვის, მომგებიანია ორგანიზაციის გაფართოება, რისთვისაც მზად არა მხოლოდ ის ქვეყნები უნდა იყვნენ, ვისაც სურთ ევროპულ ოჯახში, არამედ, თავად ევროკავშირიც.

"რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის და ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ შეგვახსენა ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობა და ღირებულება, რამაც ბიძგი მისცა გაფართოების პოლიტიკას. გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს 2030 წლის ბოლოს. ვინაიდან გაფართოება წარსულში იყო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკა, მან ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს, რათა ევროკავშირმა შეინარჩუნოს გეო სტრატეგიული აქტუალობა და სანდოობა. ის ასევე სათანადოდ უნდა წარიმართოს, გაკვეთილები გამოიტანოს წინა გაწევრიანებებზე. ჩემს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა ევროპულ გზაზე დარჩენის პირობაა," - აცხადებს ევროპარლამენტარი ტონინო პიცულა.

"ევროკავშირის გაფართოების შესახებ დისკუსიები ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ თუ გაფართოების პოლიტიკას არ გავატარებთ ეს გამოიწვევს არასტაბილურობას. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ, სანამ არ დავასრულებთ შიდა რეფორმებს, რადგან ჩვენ ვერასდროს მოვაგვარებთ ყველა პრობლემას. უნდა ვიმოქმედოთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, დაგვისვამენ მწვავე კითხვებს. მიჩნდება კითხვა კომისიასთან რას ისურვებდით რომ 5 წელში მიაღწიოთ? 2028 წელს ერთით მეტ ქვეყანას ევროკავშირში? ორით? ვფიქრობ თუ ჩვენ ეს გვინდა ამის გაკეთება შეგვიძლია. მინდა მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს ეროვნული პარლამენტებიდან, ასევე ჩაერთონ ღრმა საუბრებში ყველა წევრი სახელმწიფოს მთავრობასთან, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ზეწოლა წევრი ქვეყნების და ევროკავშირის ხელმძღვანელობაზე ამ კუთხით. ჩვენ ასევე სწრაფად გვჭირდება გარკვეული სანდო და ხელშესახები დადებითი სიგნალები,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ტეის როტენი.

დღის ამბები